ჭავჭავაძის გამზირზე 90 მიწისქვეშა ურნის შეძენის შემდეგ, თბილისის მერიას დამატებით 50 მიწისქვეშა ურნის შეძენაზე ტენდერი აქვს გამოცხადებული. სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 585 000 ლარია. გამოდის, თითოეული მიწიქსვეშა ნაგვის კონტეინერის საშუალო ფასი 31 700 ლარია. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
ტენდერი 10 მარტს არის გამოცხადებული და მასში წინადადებების მიღება 5 აპრილს იწყება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიწიქვეშა კონტეინერები 3 მ3 მოცულობის უნდა იყოს. მისი დამონტაჟება კი 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მოხდეს.
აქვე აღნიშნულია, რომ 2016 წლის 1 იანვრიდან მწარმოებელ კომპანიას, საქართველოს ან/და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მიწოდებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2500 ერთეული მიწისქვეშა კონტეინერი, აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს სათანადო დოკუმენტაცია, რომელიც დადასტურებული იქნება შემსყიდველის მიერ.
აღნიშნული ნაგვის ურნები ასევე ჭავჭავაძის გამზირზე და მის მიმდებარე ქუჩებზე უნდა დამონტაჟდეს.
თბილისში მიწისქვეშა ნაგვის ურნების დამონტაჟების პროექტი საპილოტეა. პირველი 90 ურნა თბილისის მერიას დაქვემდებარებულმა “თბილსერვის ჯგუფმა” უკვე იყიდა. პირდაპირი ხელშეკრულება კომპანია “ჯითი ჯგუფთან” გაფორმდა, რომელმაც მიწისქვეშა ურნების მონტაჟი უკვე დაიწყო და აპრილში უნდა დაასრულოს.