პროგრამის “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, თბილისის მერს კახა კალაძეს რომელიმე სკვერში ერთიანი საქართველოს ყველა მეფისა და გამორჩეულ მეფეთა ბიუსტების დადგმას სთავაზობენ. როგორც იდეის ავტორი, ნიკოლოზ გაბელია წერს, სამწუხაროდ, არ მოიძებნება თბილისში ადგილი, სადაც ნათლად იქნება წარმოჩენილი ჩვენი ისტორია, რის გამოც, მას ერთიანი სივრიც შექმნა სურს.
“მაქვს იდეა, ამ ყველაფრის ერთად მოვუყაროთ თავი. ჩემს იდეას არ სჭირდება ახალი სკვერის გაშენება, ან ახალი ველოსიპედის გამოგონება, ამისთვის თბილისში არსებული რომელიმე სკვერიც გამოდგება. იდეა მდგომარეობს შემდეგში: მაგალითად ავიღოთ ალექსანდროვის ბაღი, ან თუნდაც ქალაქის რომელიმე სკვერი რომელსაც ტურისტული პოტენციალი გამოვლენილი აქვს, ან მომავალში გამოავლენს. პარკში განთავსდება ერთიანი საქართველოს ყველა მეფისა და გამორჩეულ მეფეთა ბიუსტები. ყველა ბიუსტის ქვეშ დატანილი იქნება შტრიხ კოდი (QR CODE) და მისი სკანირების შემთხვევაში ადამიანს საშუალება ექნება აღნიშნული მეფის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღოს” – წერს იდეის ავტორი.
იდეის განხილვა თბილისის მერიაში იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის 2 500 ხმას შეაგროვებს. ამ დროისთვის, ნიკოლოზ გაბელიას იდეას 59 ხმა აქვს. აღნიშნული იდესითვის ხმის მიცემა მიმდინარე წლის 23 მარტამდეა შესაძლებელი.
თბილისის მერიის ვებგვერდზე ამ ეტაპზე, 4 მიმდინარე, 365 დაბლოკილი, 2 უარყოფილი, 20 განსახილველი, 83 არშემდგარი და 3 შეთანხმებული იდეა ფიქსირდება.