ყვარლის სოფელ ზინობიანის მოსახლეობამ, საძოვრების გასხვისების გამო, აქცია ისევ გამართა

1131

წინა სტატია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის მოსახლეობა აქციას მართავს, პროტესტის მიზეზი საძოვრების კერძო პირზე გასხვისებაა.

ადგილობრივების თქმით, მათთვის ძირითადი შემოსავალი მესაქონლეობაა,სოფელს სხვა ალტერნატიული ფართი არ გააჩნია და საძოვრების გარეშე საქონელის გამოკვებას ვერ შეძლებენ.

მათი განცადებით, 50 ჰექტარი საძოვარი 2000 წელს მათ 49-წლიანი იჯარით გადაეცათ და გადასახადსაც იხდიდნენ.

მათივე თქმით, როგორც მოგვიანებით გაირკვა, საძოვრების ნაწილი 2016 წელს აუქციონზე გაიყიდა. მოსახლეობამ სადავო საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს ხუთი წლის წინ მიმართა, თუმცა ამ დრომდე გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერი უკვე შეხვდა. როსტომ სესიაშვილის განმარტებით, გასხვისება აუქციონის სახით კანონის ფარგლებში მოხდა და მიწა ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა.

სოფელ ზინობიანის მოსახლეობას მიწის გასხვისების საკითხზე, სასამართლო დავაც აქვს წამოწყებული. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ადგილობრივები პერმანენტული აქციებით და ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.