სოლოლაკში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე ქვაფენილი ეწყობა

942

მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამჯერად, სოლოლაკში, ლორთქიფანიძის ქუჩის ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, არსებულ დაზიანებულ რიყის ქვის საფარს ბაზალტის ქვაფენილი ჩაანაცვლებს. ასევე, მოეწყობა ტროტუარი.

მათივე ინფორმაციით, რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვაფენილის გზა მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 900 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

„რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. აღნიშნულ მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა რამდენიმე ათეული წელია არ მოწესრიგებულა. არსებული რიყის ქვა დაზიანებული იყო, რაც მოსახლეობას გადაადგილებისას დისკომფორტს უქმნიდა. უახლოეს მომავალში მათ ეს პრობლემა მოუგარდებათ. ჩვენ კი წლის განმავლობაში, მსგავს ინფრასტრუქტურულ პროექტებს რამდენიმე მისამართზე განვახორციელებთ“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

საგზაო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია ასრულებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 000 ლარია გამოყოფილი.