სოფელ დიღომში სკვერის მოწყობისთვის 430 ათასი ლარი დაიხარჯება

491

სოფელ დიღომში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. შესაბამისი სამუშაოები საბურთალოს გამგეობის მიერ 6 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდება. პროექტის შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ზონა მოეწყობა, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდება. ასევე, მოეწყობა LED განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები და საპარკე ინფრასტრუქტურა.

ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგვება. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„სოფელ დიღომში დასასვენებელი სივრცეების ნაკლებობაა. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა გადავწყვიტეთ. უახლოეს მომავალში, ადგილობრივები კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცით ისარგებლებენ, სადაც გართობისა და დასვენებისთვის ყველა პირობა იქნება შექმნილი“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სკვერის მოსაწყობად საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 429 937 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს კომპანია „გრინსერვის+“ აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს აღნიშნულ მისამართზე სპორტული მოედანი მოეწყო და ტრენაჟორები დამონტაჟდა.