ხმალაძე: ჩვენი მიზანია კერძო მანქანების მოხმარების შემცირება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების გაზრდა

530

თბილისის ვიცე მერმა „დღის ქრონიკის“ ეთერში დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაზე ილაპარაკა. ირაკლი ხმალაძის განმარტებით, დღეისთვის საკმაოდ ცუდი მდგომარეობაა.

„ზოგჯერ გაჩერებებზე მოცდის დრო 40 წუთიც არის და 50 წუთიც. როდესაც მუნიციპალიტეტი ატარებს სატრანსპორტო პოლიტიკას, რომლის მიზანია კერძო მანქანების მოხმარების შემცირება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება გაზრდა, რა თქმა უნდა ამ მიზანს მივაღწევთ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება მოქალეებისთვის იქნება კომფორტული”- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის ვიცემერის თქმით, თავიდან მერიის მთავარი გზავნილი მოქალაქეებისადმი იყო არსებული ავტობუსებიის პარკის ჩანაცვლება, რაც საკმარისი არაა.

„ქალაქიდან თუ ამოვიღებთ ყვითელ ავტობუსებს, მიზნის ერთი ეტაპი მიღწეული იქნება, მაგრამ ეს შედეგს არ მოგვცემს, იმიტომ რომ რაოდენობრივად პრობლემა გვაქვს ანუ დღევანდელ არსებულ ნაკადებსაც კი, ის რაოდენობა, რომელიც ემსახურება სატრანსპორტო კომპანიას, ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, ამ რაოდენობის მხოლოდ ჩანაცვლებით ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, ამიტომ უნდა მოხდეს რაოდენობის ზრდა”- განაცხადა ხმალაძემ.

ვიცე-მერის თქმით, დედაქალაქს 655 ავტობუსი ემსახურებოდა და ჯამური მდგომარეობა დღესაც იგივეა. მისი თქმით, აქედან 450 ავტობუსი უკვე ჩანაცვლებულია.

„ავტობუსების ჩანაცვლება უნდა იყოს ჩვეულებრივი დღის წესრიგის ნაწილი და ყოველწლირად რაღაც რაოდენობა უნდა იცვლებოდეს და ეს საზოგადოებას არ უნდა მოანატრო, რადგან ეს უნდა იყოს მუდმივი პროცესი”-განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.