თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, გლდანში, მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების მონაკვეთი დაახლოებით, 3 კვირაში გაიხსნება.
როგორც ბენდელიანმა ადგილზე სამუშაოების დათალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სამუშაოები მიწის ქვეშ, 8 მეტრის სიღრმეში კომუნიკაციების აღმოჩენის გამო გაჭიანურდა.
„ამ ეტაპზე აქ ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები. ჩვენ აქ რამდენიმე კვირის წინ ვიყავით დედაქალაქის მერთან ერთად და დავაანონსეთ მიწისქვეშა გადასასვლელის გადახურვა, სადაც წლების განმავლობაში პრობლემა იყო. იქ განთავსებულ სავაჭრო ფართებს წყალი ჩასდიოდა და შეწუხებული იყო მოსახლეობა. ახლა ეს პრობლემა აღარ არსებობს, გაკეთდა შესაბამისი ჰიდროიზოლაციები, მოეწყო ახალი გადახურვის ფილები. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ მიწის ესკალაციის სამუშაოების დროს დაახლოებით, 8 მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა ძველი კომუნიკაცია, რაც თავდაპირველ პროექტში არ იყო გათვალისწინებული და ვერც იქნებოდა, რადგან აქამდე არ ჩანდა. შესაბამისად, ამან გამოიწვია სამუშაოების დაახლოებით, 2 კვირით გაჭიანურება. დაახლოებით, 2-დან 3 კვირამდე ვადაში ეს სამუშაოები დასრულდება და აღნიშნული ლოკაცია გაიხსნება“, – განაცხადა ბენდელიანმა.