თბილისის მერია მიმდინარე წელს კიდევ ერთ პროექტს განახორციელებს. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური 2020 წლის ბიუჯეტის ფარგლებში ქეთევან წამებულის გამზირის კაპიტალურ რეაბილიტაციას დაიწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა.
საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, სარეაბილიტაციო არეალი იწყება მეტრო ავლაბრის მეტროდან და გრძელდება ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე. საავტომობილო გზის სიგრძე 1 კილომეტრს და 600 მეტრს შეადგენს.
გამზირზე საკმაოდ რთული მდგომარეობაა. გზაზე არსებული ასფალტბეტონის საფარი დაზიანებულია, რაც გამოწვეულია გაზრდილი სატრანსპორტო დატვირთვებით და მისგან გამოწვეული ინტენსიური ცვეთით. საფარზე შეინიშნება ბზარები, რომელიც ვრცელდება ასფალტბეტონის მთელ სიღრმეზე, ასევე, სხვადასხვა დროს შეკეთებული ორმოები და ცალკეულ მონაკვეთებზე მცირედი ჯდენები. ასფალტბეტონის საფარის სისქე ცვალებადია, რაც გამოწვეულია გასულ წლებში მრავალჯერადად შესრულებული სარემონტო სამუშაოებით.
რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება დაზიანებული ასფალტის დემონტაჟი, როგორც სავალ ნაწილზე, ასევე ტროტუარზე. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელსა და მიწისქვეშა კომუნიკაციებს. მოეწყობა ახალი ბორდიური, ტროტუარები და დაიგება ასფალტის ახალი საფარი.
მიწის ქვეშ მოექცევა ელექტროგადამცემი ხაზები, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი LED განათების სისტემა.
პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლები და ველობილიკი. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის განსაზღვრულია 4 თვე. პროექტზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 4 600 000 ლარი დაიხარჯება.