სახელმწიფო რწმუნებული: გორის 62 სოფელი გაზიფიცირებულია

513

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბუნებრივი აირი გორის 62 სოფელშია შეყვანილი და გაზიფიცირება დასრულებულია, 4 მათგანში კი გამრიცხველიანება მიმდინარეობს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გაზიფიცირებისთვის მოსამზადებელი ეტაპი გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფელშია დაწყებული ატენისა და ბოშურის თემში შემავალი რამდენიმე სოფელი კი ამ დროისთვის ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.

“2013-2018 წლებში შიდა ქართლის მასშტაბით 185 სოფელი გაზიფიცირდა, მათ შორის გორის მუნიციპალიტეტში მდებარე 62 სოფელი. ამ ეტაპზე გამრიცხველიანება მიმდინარეობს შემდეგ სოფლებში – ქვახვრელიუფლისციხე, ხიდისთავი და აძვი. გაზიფიცირების წინა მოსამზადებელი და ასევე, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს 4 სოფელში – არაშენდა, რიეთი, კოშკები და კვარხეთი. ამჟამად დარჩენილია გორის მუნიციპალიტეტში ატენისა და    ბოშურის თემში შემავალი რამდენიმე სოფელი, რომელის ბუნებრივი აირით არ სარგებლობს, თუმცა ამ სოფლების გაზიფიცირებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა”, – განმარტავენ გუბერნიაში.

შიდა ქართლის სოფლების გაზიფიცირება ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2014 წელს დააანონსა, რომლის მიხედვით, ჯამში პირველი და მეორე ეტაპის დასრულების შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის 33 სოფელში, ბუნებრივ აირს 8799 ოჯახი მიიღებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე ყველა სოფლის გაზიფიცირებისთვის, 19 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.