ნიდერლანდური კომპანიის „H.I.P. Trade“-ის ინვესტიციით დაფუძნებული კომპანია “გლობალ რისაიქლინგ კო“ ხობის მუნიციპალიტეტში მეორადი პლასტმასის გადამამუშავებელ საწარმოს განავითარებს.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, წარმოების პროცესში პოლიმერული გრანულები შეიქმნება, რომლის რეალიზება , როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებზე მოხდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის გასახორციელებლად კომპანიამ ხობის მუნიციპალიტეტში, აუქციონის ფორმით, პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში მიწის ნაკვეთი შეიძინა.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 30 მლნ ლარზე მეტია. საწარმოში 500-მდე ადამიანი დასაქმდება.
უწყების ცნობით, კომპანია ასევე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებასა და პოლიმერების გადამუშავებითა და წარმოებით დაკავებული უცხოური კომპანიების მოზიდვას გეგმავს. შედეგად, ადგილზე შეიქმნება ღირებულებათა სრული ჯაჭვი და ახალი საექსპორტო პროდუქციის წარმოება ამოქმედდება.
„აღსანიშნავია, რომ პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში გასხვისდა 48 774 200 ლარის ღირებულების 45 ობიექტი. აღნიშნული პროექტი 2019 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ყველა დაინტერესებულ პირს გამარტივებულ პროცედურას სთავაზობს, რომელიც უკვე გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს გულისხმობს, მათ შორის უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობას გენერალური განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით. ასევე წინასწარ არის მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვა. აუქციონებზე გასაყიდი ქონების საერთო საწყისი ღირებულება 150 მილიონი ლარია. პროექტის განხორციელების შედეგად 2500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, მოსალოდნელი ინვესტიციის მოცულობა კი დაახლოებით 200 მლნ ლარი იქნება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფომრმაციაში.