მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა, თბილისის საპარკინგე სისტემა “თბილისი პარკინგმა” ჩაიბარა, რომელსაც თბილისის სატრანსპორტო კომპანია უწევს ოპერირებას. 2 წლის განმავლობაში რა შეიცვალა საპარკინგე სისტემის მიმართულებით, რაც “სითი პარკი” ბაზრიდან გავიდა, თემაზე ბიზნეს მედია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ესაუბრა.
“2018 წლის 10 აპრილიდან, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისი პარკინგის სისტემის ადმინისტრირება ჩვენს კომპანიას დაევალა. იმ პერიოდისთვის არ იგეგმებოდა რაიმე ცვლილებები თბილისი პარკინგის ადმინისტრირების სისტემაში; საშვის ღირებულება, ჯარიმის ოდენობა, ეს ყველაფერი რჩებოდა იგივე, ჩვენ უბრალოდ დაგვევალა, რომ მოგვეწყო და განგვევითარებინა ინფრასტრუქტურა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც გადმოვიბარეთ პარკირების უფლება, 26 000 კვ მეტრამდე პარკინგის ადგილი თავიდან დავხაზეთ, გამოცვლილია 12 000-მდე საგზაო ნიშნები და დგარები; ასევე, სერვისის გაუმჯობესების მიზნით, შევქმენით ვებპორტალი და მობილური აპლიკაცია, სადაც მძღოლებს შეუძლიათ საშვის მარტივად შეძენა, ასევე გადაიხადონ და შეამოწმონ ჯარიმა,”- აცხადებს BMG -ისთან თბილისის სატრანპოსრტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თენგიზ რობაქიძე.
მისივე თქმით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებითვე, რამდენიმე ქუჩაზე დაიწყო ფასიანი ზონალური პარკინგის საპილოტე ვერსია.
“საპარკინგე ადგილების რაოდენობა მცირედით შეიცვალა; საპარკინგე ტერიტორიების გამოყოფა მერიის პრეროგატივაა, ჩვენ ვართ უბრალოდ კომპანია, რომელიც არსებულ ტერიტორიაზე ადმინისტრირებას აკეთებს. ჩვენ, თავიდანვე, როდესაც გადმოვიბარეთ „თბილისი პარკინგის“ სისტემა, მაშინვე განვაცხადეთ, რომ მიდგომა გვექნებოდა სხვა. ჩვენი სურვილი არ არის მეტი მძღოლის დაჯარიმება, ჩვენთვის, მთავარია, საპარკინგე სისტემის მოწყობა და სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ”, – აცხადებს თენგიზ რობაქიძე.
შეგახსენებთ, მერიამ კომპანია „სიტი პარკმა“ დავა შეწყვიტა. შეთანხმების თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან, კომპანია „სიტი პარკს“ გადაუხადა ოთხი მილიონ სამასი ათასი (4 300 000) აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც კომპანია „სიტი პარკის“ კუთვნილი მატერიალური აქტივები მიიღო.