23 ივლისს ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში გურიის ტურიზმის ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალი პროექტის – “მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის” ფარგლებში ტარდება.
ფესტივალი წარმოადგენს სანახაობრივ, შემეცნებით და კულტურული ღონისძიებების ერთობლიობას. სტუმრები დაათვალიერებენ ეთნოგრაფიულ კუთხეს, გაეცნობიან გურიის ტურისტულ პოტენციალს, ბევრ საინტერესო და უძველეს ტრადიციას.
გარდა ფესტივალისა, 24, 25 და 26 ივლისს ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით გაიმართება შეხვედრა, რომელზეც გურიაში ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელებენ.
ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტს – „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ ახორციელებენ ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, ოზურგეთის მერია, საზოგადოებრივი ორგანიზაციები: ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.