“სიტი პარკისთვის” კომპენსაციის სახით 4 მილიონ 300 ათასი დოლარის გადახდას “ევროპული საქართველო” ეხმიანება და კახა კალაძეს წინასაარჩევნო დაპირების არ შესრულებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ პარტიის წევრებმა ირმა ნადირაშვილმა და ლევან თარხნიშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
“მიუხედავად იმისა, რომ კახა კალაძე აკეთებდა განცხადებას, რომ ბიუჯეტს არც ერთი თეთრი არ დაუჯდებოდა “სიტი პარკთან” კონტრაქტის გაწყვეტა და წინა საარჩევნოდ იძლეოდა ამ დაპირებებს ეხლა აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარზე მეტი იყო გადახდილი “სიტი პარკისთვის”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე.
პოლიტიკური მოძრაობა „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია:
პირველი – მერიამ ბიუჯეტიდან გადაიხადა 12 მილიონი ლარი, რაც საადვოკატო მომსახურებასა და სასამართლო დანახარჯებთან ერთად კონტრაქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს (25 მლნ ლარი) თითქმის ნახევარს შეადგენს. 2017 წლის არჩევნების დროს თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ კონტრაქტის გაწყვეტა ბიუჯეტს არ დაუჯდებოდა არც ერთი თეთრი. ქართული ოცნების მორიგი წინასაარჩევნო ტყუილი და არაკომპეტენტურობა.
მეორე – კახა კალაძე მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ პარკირების სამსახურის მუნიციპალურ საკუთრებაში გადასვლით მოსახლეობა მიიღებდა გაუმჯობესებულ სერვისს. კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება. მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის განმავლობაში მხოლოდ პარკირების გადასახადის სახით 50 მილიონი ლარზე მეტი შევიდა ბიუჯეტში, მერიას არ აუშენებია/მოუწყვია არც ერთი ახალი პარკირების ადგილი, არ განუხორციელებია რეფორმა და არ გაუუმჯობესებია მომსახურება. თბილისის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის, როგორი მოუხერხებელი და პრობლემურიც იყო ავტომობილის პარკირება მანამდე, ისეთივეა დღეს.
„კახა კალაძემ თავისი პოპულისტური და არაკომპეტენტური ახირების გამო ბიუჯეტის ხარჯზე მოაწყო მორიგი კორუფციისა და ნეპოტიზმის ბუდე თბილისის მერიაში“, – ამბობენ „ევროპული საქართველოს“ წევრები.
თბილისის მერიამ 2018 წლის 10 აპრილს კომპანია „სიტი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა, რისი მიზეზიც, ადვილობრივი ხელისუფლების განცხადებით, კომპანიის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების დარღვევა გახდა. ამის შემდეგ „სიტი პარკმა“ წამოიწყო სამართლებრივი დავა ადგილობრივ სასამართლოსა და საერთაშორისო არბიტრაჟში.
თბილისის მერიამ კომპანია „სიტი პარკს“ 2007 წელს გაუფორმა ექსკლუზიური ხელშეკრულება, რომლის ვადაც 2025 წელს გადიოდა. ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, მერიას „სიტი პარკისთვის“ 25 მლნ ლარის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა.