ინვესტორი მერიას ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ნაცვლად რესტორნის აღდგენას სთავაზობს

595

შემდეგი სტატია

ინვესტორი თბილისის მერიას ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ აშენების ნაცვლად, რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენას სთავაზობს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ წარმომადგენელმა, გოგა ზაქაიძემ განაცხადა, ისინი მზად არიან, უარი თქვან სასტუმროს მშენებლობაზე, სანაცვლოდ კი ვალდებულებას იღებენ, აღადგინონ 1958 წელს აშენებული რესტორანი „ბუდაპეშტი“ ისტორიულად არსებული მოცულობისა და ფასადის შესაბამისად.

მისი თქმით, რესტორან „ბუდაპეშტის“ მშენებლობისას არ დაზიანდება არც ერთი ნარგავი და დამატებით გამწვანდება და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია.

„მიუხედავად სასმართლოს დადებითი გადაწყვეტილებისა და ყველანაირი კანონიერი უფლებისა, ჩვენ ვთანხმდებით კომპრომისულ ვარიანტს და მზად ვართ, უარი ვთქვათ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობაზე.

მოგეხსენებათ, თბილისის მუნიციპალიტეტი იწყებს ვაკის პარკის და ისტორიული კასკადის რეაბილიტაციას. სწორედ ამ მასშტაბური პროექტიდან გამომდინარე, ინვესტორი მზად არის, სასტუმროს მშენებლობის ნაცვლად აღადგინოს ამ ადგილას რესტორან „ბუდაპეშტის“ ისტორიული შენობა, რომელიც აშენდა 1958 წელს, ათწლეულების განმავლობაში წარმოადგენდა პარკის განუყოფელ ნაწილს და იყო პარკის სტუმრების ერთ-ერთი საყვარელი და კოლორიტული ადგილი.

ჩვენ მზად ვართ, დავთანხმდეთ მერიის მხრიდან შემოთავაზებულ თავდაპირველ წინადადებას და დავუბრუნოთ რესტორანს მისი პირვანდელი სახე. ისტორიულად არსებული სიმაღლისა და ფასადის შესაბამისად.

აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აღდგენითი სამუშაოების დროს არათუ არ დაზიანდება არც ერთი ნარგავი, არამედ დამატებით განხორციელდება ტერიტორიის გამწვანება. ინვესტორი საჯაროდ იღებს ვალდებულებას, რომ მოახდენს არსებული ტერიტორიის უმოკლეს დროში კეთილმოწყობას და მომავალში მის მოვლა-პატრონობას. თქვენ ხედავთ დღესდღეობით რა ვითარებაა ადგილზე და ვფიქრობთ, რომ რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენა სრულ შესაბამისობაში მოვა ვაკის პარკის რეაბილიტაციასთან.

ვფიქრობთ, რომ ეს არის საუკეთესო ვარიანტი იმისათვის, რომ დღეს არსებული სამშენებლო თხრილის ნაცვლად პარკს და ამ ადგილს დაუბრუნდეს პირვანდელი სახე. აქვე დავამატებთ, რომ ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ინვესტორი ასევე იღებს ვალდებულებას, ადგილზე მოაწყოს ველოპარკი და პარკის სტუმრები შეძლებენ სრულიად უფასოდ ისარგებლონ ამ სერვისით.

როგორც აღვნიშნე, ჩვენი, როგორც ინვესტორის ეს კომპრომისული ვარიანტი მიღებულია იმის გათვალისწინებით, რომ იგეგმება ვაკის პარკის რეაბილიტაცია და ამასთან ერთად უკვე წელიწადზე მეტია რაც თბილისის მერიასთან ვერ მოხერხდა შეთანხმება ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით.

შესაბამისად მიგვაჩნია, რომ ეს არის ის გამოსავალი, რომელიც მისაღები იქნება პარკის სტუმრებისთვის და ასევე არ შეილახება ინვესტორის სამართლებრივი უფლებები. ამ პროექტის აღდგენის შემთხვევაში განხორციელდება მასშტაბური ინვესტიცია და ამასთან ერთად თბილისის მუნიციპალიტეტი შეძლებს, ბიუჯეტიდან დაზოგოს 6 მილიონი დოლარის საკომპენსაციო თანხა“, – განაცხადა ზაქაიძემ.