თბილისის მერია: კომპანია „სითი პარკმა“ დავა შეწყვიტა

677

კომპანია „სითი პარკმა“ დავა შეწყვიტა – თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანია „სითი პარკს“ შორის შეთანხმება შედგა.

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ერთი მხრივ, მერიასა და დაქირავებულ იურიდიულ კომპანიას, მეორე მხრივ კი, მერიასა და „სითი პარკს“ შორის წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, კომპანია „სითი პარკმა“ უკან გაიხმო სასამართლოში წარდგენილი საჩივარი და უარი განაცხადა საარბიტრაჟო დავაზე.

„შეთანხმების თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან, კომპანია „სითი პარკს“ გადაუხადა ოთხი მილიონ სამასი ათასი (4 300 000) აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მიიღო კომპანია „სითი პარკის“ კუთვნილი მატერიალური აქტივები.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ 2007 წელს გაუფორმა ექსკლუზიური ხელშეკრულება, რომლის ვადაც 2025 წელს გადიოდა. ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, მერიას „სითი პარკისთვის“ 25 მლნ ლარის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა.

თბილისის მერიის ახალმა მენეჯმენტმა 2018 წლის 10 აპრილს კომპანია „სითი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა, რისი მიზეზიც გახდა კომპანიის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ამის შემდეგ „სითი პარკმა“ წამოიწყო სამართლებრივი დავა ადგილობრივ სასამართლოში და საერთაშორისო არბიტრაჟში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიასა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის მიღწეული იქნა ოპტიმალური შეთანხმება, რომლის მიხედვით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ აიღო ვალდებულება პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან „სითი პარკს“ 4 მლნ 300 ათას აშშ დოლარი გადაუხადოს. თავის მხრივ, კომპანიამ უარი განაცხადა დავაზე და აიღო ვალდებულება, რომ მის კუთვნილებაში არსებული აქტივები თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადასცეს. ამით მუნიციპალიტეტმა დაზოგა საერთაშორისო დავისთვის საჭირო მნიშვნელოვანი სახსრები და მიიღო აქტივები, რომელიც ესაჭიროებოდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას.

მოგეხსენებათ, 2018 წლის 10 აპრილიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანია წარმატებით მართავს პარკირების სისტემას და ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ მიიმართება“, – ნათქვამია განცხადებაში.