“ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის“ დანერგვის თაობაზე საკონსულტაციო ჯგუფმა დასკვნები წარადგინა

851

გერმანიის მთავრობისა და გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით, ასევე, საკონსულტაციო კომპანიის – GOPA infra ექსპერტების უშუალო მონაწილეობით, დედაქალაქში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის“ (Integrated Traffic Control System) განვითარებასთან დაკავშირებით შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მერის მოადგილე მაია ბითაძე ესწრებოდა, საკონსულტაციო ჯგუფის საბოლოო დასკვნები განიხილეს და პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით კონკრეტული ღონისძიებები დაგეგმეს.

მაია ბითაძის თქმით, „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის“ დასანერგად ტექნოლოგიების შესყიდვას თბილისის მუნიციპალიტეტი მომავალი თვიდან დაიწყებს. მისივე თქმით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ხელს შეუწყობს გზებზე ტრანსპორტის გამტარიანობის გაზრდას და საცობების შემცირებას.

„გერმანიის მთავრობის დახმარებით დასრულდა პროექტი, რომელმაც ზუსტი ინფორმაცია მოგვცა იმ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების ჩამოყალიბების თაობაზე, რომელიც აუცილებელია თბილისის საცობებისგან განტვირთვისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისთვის. შესაბამისად, გერმანიის მთავრობის მიერ მოცემული ზუსტი სპეციფიკაციების მიხედვით, მომავალი თვიდან დაიწყება შესაბამისი ტექნოლოგიების შესყიდვა, რომელიც, ვფიქრობთ, თბილისს განტვირთავს საცობებისგან. ეს კი მას შემდეგ მოხდება, რაც ახალი, დიდი ზომის საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემოვა და თანამედროვე ტექნოლოგიის ჭკვიანი შუქნიშნებისა და მართვის სისტემები ჩაირთვება“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

შეხვედრაზე გერმანიის განვითარების ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონის ოფისის დირექტორმა, კლაუს ფაიგელმა თბილისის მერიასთან თანამშრომლობა ნაყოფიერად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობის შედეგები თბილისის ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით სასარგებლო იქნება.

„გერმანიის განვითარების ბანკი (KFW) მჭიდროდ თანამშრომლობს თბილისის მერიასთან ახალ პროექტზე, რომელიც თბილისში მდგრადი ურბანული ტრანსპორტის მობილობის საკითხებს ეხება. დღეს ჩატარდა მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც კონსულტანტებმა წარმოადგინეს თავიანთი დასკვნები, თუ როგორ უნდა შეიცვალოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ურბანული სივრცითი მოწყობა ქალაქის ცენტრალურ უბნებში. ვამაყობთ ამ თანამშრომლობით და მოუთმენლად ველოდებით, რომ გავხდებით მოწმეები, თუ როგორ გადაიქცევა თბილისი თანამედროვე ქალაქად, სადაც ადვილია გადაადგილება და რომელიც მორგებულია ფეხით და ველოსიპედით მოსიარულეებზე“, – განაცხადა კლაუს ფაიგელმა.

შეხვედრას თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

„ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის“ ჩამოყალიბების მიზანია ქალაქის საცობებისგან გათავისუფლება, საგზაო უსაფრთხოება, საჯარო ტრანსპორტის უპირატესობის მიღწევა გადაადგილებისას და ჰაერის დაბინძურების შემცირება. ტრანსპორტის მიმართულებით ამ მოცულობის სამუშაო, საქართველოს მასშტაბით პირველად განხორციელდება.