გორის მერია: ოხერას უბანში წყალი მოსახლეობას ვიღაცამ შეგნებულად გადაუკეტა

710

12 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, კერძოდ, ოხერას უბანში საპროტესტო აქცია გაიმართა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, გორის მერიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სასმელი წყლის ავზთან დამონტაჟებული ურდული შეგნებულად იყო დაკეტილი. ამი შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

,,ეს არ არის ისეთი ადგილი, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს მისვლა, დაკეტვა ან გაღება. საკმაოდ, მიუვალ ადგილზეა. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ურუდული შეგნებულად იყო დაკეტილი. მივიდნენ სპეციალისტები და ადგილზე ნახეს ეს სიტუაცია. გახსნეს ურდული და წყალი წამოვიდა. ზოგადად, ოხერას უბანს სასმელი წყლის პრობლემა არ აქვს, უბრალოდ, დებეტის სიმცირის გამო, საკმარისი რაოდენობა არ მიდის,” – განაცხადეს გორის მერიაში.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ოხერას უბანში წყალი ორი დღეა დაწყდა. აღნიშნული უბანი სოფლის განაპირას მდებარეობს.

გორის მერის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს იმასაც, რომ ამ ეტაპზე დაიწყება სოფლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია:

“სატენდერო დოკუმენტაციის წარმოების პროცესი უკვე დასრულების ფაზაშია. თითქმის 2 მლნ ლარამდე თანხაა გათვალისწინებული ხიდისთავისთვის. მოხდება შიდა ქსელის რეაბილიტაცია, რომლის დასრულების შემდეგ, უფრო გაუმჯობესდება სიტუაცია,” – ამბობს მერის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.

სოფელი ხიდისთავი საკმაოდ დიდი დასახლებაა. ის რამდენიმე უბნისგან (ოხერა, ჩინეთის უბანი, ცენტრი) შედგება.