უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბრალდება აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.
უგულავას ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, უგულავა უზენაესმა სასამართლომ იმ მუხლით გაასამართლა, რომლითაც 9-წლიანი პატიმრობა იყო გათვალისწინებული. თუმცა, ამ მუხლზე ამნისტია გავრცელდა და განახევრდა. ხოლო იმის გამო, რომ მას მოხდილი ჰქონდა წელიწადი და ოთხი თვე, პატიმრობაში ყოფნა სამ წელზე მეტ ხანს მოუწევს.
ბასილაიას თქმით, გადაწყვეტილება აღსასრულებლად უკვე გადაგზავნილია. გიგი უგულავას სავარაუდოდ დღესვე დააკავებენ.
“ევროპული საქართველოს” გენერალური მდივნის საქმეს უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია (შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი) განიხილავდა.
“გ. უ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა,” – ნათქვამია უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ გაცხადებაში.
გიგი უგულავას პროკურატურა მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.
2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.
უგულავას გარდა, ამ საქმეზე ბრალდებული იყო თბილისის მერიის ხუთი ყოფილი თანამშრომელი: თბილისის მერის ყოფილი მოადგილე დავით ალავიძე; თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი საბანაძე; თბილისის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი ალექსი თაბუაშვილი; ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი დავით ავალიანი და მისი მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე.