ზაზა გაბუნია დაუსრულებელი მშენებლობების კ2-ის მოსაკრებლისგან გათავისუფლების ინიციატივით გამოდის

706

თბილისის მერიასთან კონსულტაციების შედეგად რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა შეიმუშავა ინიციატივა, რომლის მიხედვით დაუსრულებელი მშენებლობის სტატუსის მქონე ობიექტები, რომლებზეც ნებართვა 2013 წლამდე იყო გაცემული, მაგრამ მშენებლობა შეჩერდა და ვეღარ სრულდება, გათავისულფდებიან კ2-ის მოსაკრებლის უიმედო დავალიანებისგან იმ პირობით, თუ ახალი ინვესტორი კონკრეტული დაუსრულებელი ობიექტის 2025 წლამდე დასრულებას, ექსპლუატაციაში მიღებას და დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილებას შეძლებს. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

„თბილისის მერიამ ურბანული პოლიტიკის მიმართულებით არაერთი რეფორმა განახორციელა, რომელიც ქაოტური განაშენიანების შეზღუდვას, მასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრას და ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას ემსახურებოდა. ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ქალაქის იერსახის მოწესრიგება, ისე დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების მხარდაჭერა და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, დედაქალაქის მერიასთან კონსულტაციების შედეგად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა შეიმუშავა ინიციატივა, რომლის მიხედვით, დაუსრულებელი მშენებლობის სტატუსის მქონე ობიექტები, რომლებზეც ნებართვა 2013 წლამდე იყო გაცემული, მაგრამ მშენებლობა შეჩერდა და ვეღარ სრულდება, გათავისულფდებიან კ2-ის მოსაკრებლის უიმედო დავალიანებისგან იმ პირობით, თუ ახალი ინვესტორი კონკრეტული დაუსრულებელი ობიექტის 2025 წლამდე დასრულებას, ექსპლუატაციაში მიღებას და დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილებას შეძლებს“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, თბილისში ასეთი 179 ობიექტია და მათ უკან ათასობით დაზარალებული მოქალაქე დგას.

„დაუსრულებელ მშენებლობებზე მოსახლეობის მხრიდან ინვესტორის მოძიება საკმაოდ რთულია, ეს ინიციატივა კი იძლევა საშუალებას, რომ ინვესტორები შეჩერებული მშენებლობებით დაინტერესდნენ და დაასრულონ ეს პროექტები. აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატივა ეხება მხოლოდ საცხოვრებელი ფუნქციის მქონე დაუსრულებელ მშენებლობებს“, – აღნიშნა გაბუნიამ.