ჩამონგრეულ მეტროსადგურზე ინფორმაციის გაცემა თბილისის მერიას სააპელაციომაც დაავალა

542

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მსგავსად თბილისის მერიასაც დაავალა, რომ ვარკეთილში ჩამონგრეული მეტროსადგურის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს მიაწოდოს. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი On.ge-ს დღეს, 10 დეკემბერს ჩაბარდა, რასაც წინ უსწრებდა აუდიტის სამსახურის დასკვნაც.

ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის გამო ორი წლის წინ, 30 იანვარს 14 ადამიანი დაშავდა. სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მსგავსად, ამ ინფორმაცია თითქმის ორი წელი მალავს.

ჩამონგრეულ მეტროსადგურში შესრულებული სარემონტო სამუშაოების ხარისხის დასადგენად On.ge თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან და თბილისის მერიისგან ექსპერტიზის დასკვნები გამოითხოვა. ამ დასკვნებში უნდა იყოს ასახული როგორი ხარისხის და რა ღირებულების მოცულობითი სამუშაოები შეასრულეს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა და რამდენად სწორად გადაიხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ თანხა.

გამოცემა წერს, რომ თბილისის მერია და სატრანსპორტო კომპანია სამუშაოების შესრულების შესახებ ექსპერტიზის დასკვნას არ გასცემს. მათ ჰგონიათ, რომ ეს ინფორმაცია საჯარო არ არის. ამ ინფორმაციის მისაღებად სასამართლოში დავა დაახლოებით ორი წელია მიმდინარეობს. On.ge-ს სამართლებრივ ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.