ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი აცხადებს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან სამედიცინო დახმარებას აფასებს, როგორც კომპენსაციას, რომელიც ოფიციალური ხელისუფლება ვალდებულია გადაუხადოს ოს ხალხს.
მედოევი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს სახელმწიფო პროპაგანდისტულმა მანქანამ, ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, გაააქტიურა საინფორმაციო თავდასხმა „სამხრეთ ოსეთის“ ხელისუფლებაზე, საზღვრისპირა ტერიტორიებზე, თითქოსდა, ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ეს საინფორმაციო შეტევა უკავშირდება „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. მოქალაქეების გადაყვანას საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში.
მედოევის განცხადებით, ამ პროექტის მენეჯერები იგონებენ საზარელ სიუჟეტებს ოკუპირებული ხელისუფლების გამო, მოსახლეობის, ლამის, მასობრივი გარდაცვალების შესახებ.
„სამედიცინო მომსახურებას წარმოაჩენენ, როგორც ქართველი ხალხის „კეთილი ნების აქტს“ ოსების მიმართ. ამასთან, ქართველი პროპაგანდისტები არ ამბობენ, რა სახსრებით ფუნქციონირებს აღნიშნული პროექტი, ვინ არის დონორი და ვინ არის ფინანსური ნაკადის ადრესატი. სახელმწიფო პროპაგანდისტების მხრიდან სამართლიანი იქნებოდა, სიმართლე ეთქვათ საკუთარი ხალხისთვის, რომ მოცემული ფინანსური სახსრები საქართველოს მთავრობას გამოეყოფა რიგი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კონკრეტული მიზნით – დაფარონ სამედიცინო მომსახურების ხარჯები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეებისთვის პროგრამა „რბილი ძალის“ რეალიზაციისას.
მნიშვნელოვანი მომენტია – ეს საქართველოს სახსრები არაა, მათ წარმომავლობას არავითარი საერთო არ გააჩნია ქართველი გადასახადის გადამხდელთან. თბილისის დახმარებას ვაფასებთ როგორც კომპენსაციას, რომელიც ოფიციალური ხელისუფლება ვალდებულია გადაუხადოს ოს ხალხს, როგორც 1918-21 წლების საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლების, საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებისა და პოსტსაბჭოთა პერიოდის ხელისუფლების სამართალმემკვიდრე“, – ნათქვამია მედოევის განცხადებაში, რომელსაც ცხინვალის მედია ავრცელებს.