გლდანის რაიონში, ახლად რეაბილიტირებული ორი ქუჩის საფარს, რაზეც 1 174 364 ლარი დაიხარჯა, დემონტაჟი ჩაუტარდა და კომპანია თავიდან აკეთებს.
თბილისის მერიის ცნობით, თეიმურაზ ბოჭორიშვილისა (ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებზე შესრულებული სამუშაო ნორმით გათვალისწინებულ სტანდარტს არ აკმაყოფილებს.
მათივე ინფორმაციით, კომპანია ვალდებულია, საკუთარი ხარჯით განახორციელოს ასფალტის საფარის ზედა ფენის მოხსნა და მისი თავიდან მოწყობა.
„თეიმურაზ ბოჭორიშვილისა (ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებზე, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპმა” განახორციელა გზის საფარის რეაბილიტაცია. შესრულებული სამუშაოს ლაბორატორიული კვლევით (რომელიც თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიამ აწარმოა) დადგინდა, რომ ბოჭორიშვილის ქუჩაზე შესრულებული სამუშაო ნაწილობრივ არ აკმაყოფილებს ნორმით გათვალისწინებულ სტანდარტს. შესაბამისად, კომპანია ვალდებულია, საკუთარი ხარჯით განახორციელოს ასფალტის საფარის ზედა ფენის მოხსნა და მისი თავიდან მოწყობა. საგზაო სამუშაოების შედეგად, ორ ქუჩაზე- ბოჭორიშვილის (ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებზე განხორციელდა სანიაღვრე ქსელის მოწყობა და გზის რეაბილიტაცია. აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 581 739 ლარია გათვალისწინებული, თუმცა, ამ ეტაპზე გადარიცხულია 1 174 364 ლარი. სრული თანხა გადაირიცხება მას შემდეგ, როდესაც კომპანია დაასრულებს სამუშაოს შესაბამისი ხარისხის გათვალისწინებით და ეს დადასტურდება ლაბორატორიულად. აღსანიშნავია, რომ ბოჭორიშვილის ქუჩის გზის საფარის ზედა ფენის დემონტაჟსა და მის თავიდან მოწყობაზე გამგეობის ბიუჯეტიდან თანხა არ დაიხარჯება“, – განაცხადეს თბილისის მერიაში.