ქუთაისის მერია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებისა და გადამზადების პროგრამაზე კონკურსს აცხადებს.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისის მერიის მიერ სოციალური მიმართულებით ერთდროულად რამდენიმე პროექტი ხორციელდება, მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელშეწყობის პროგრამა. მათივე ცნობით, გამოცხადდა კონკურსი იმ ორგანიზაციის შესარჩევად, რომელიც განახორციელებს საქმიანობას შშმ პირთა გადამზადების და დასაქმების კუთხით. „ჩვენ უკვე 2 წელია წარმატებით ვახორციელებთ ისეთ პროექტებს, რომელიც მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და მათი დასაქმებისთვის. კონკურსი არის ღია და საჯარო. გადაწყვეტილებას კომისია იღებს, შეფასების რამდენიმე კრიტერიუმის საფუძველზე. ვფიქრობთ, რომ შევარჩევთ მინიუმ ორ ორგანიზაციას, რომლებიც განახორციელებენ პროექტით გათვალისწინებულ საქმიანობას. შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ორი წლის განმავლობაში, ამ პროგრამების ფარგლებში დასაქმდა ოცამდე ადამიანი და გაცილებით უფრო მეტია იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რაოდენობა, რომლებმაც აიმაღლეს კვალიფიკაცია. ამ პროგრამების შედეგად მათი დასაქმების შანსი მნიშვნელოვნად გაიზარდა“,- განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ, ნინო თვალთვაძემ.
ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონკურსში განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 28 თებერვალია, გამარჯვებული კი 20 მარტისთვის გამოვლინდება.