უგულავა კალაძეს: თქვენთვის გასაგები ტოებით და ბიჭოებით გეტყვით, დღის ბოლომდე წარმოადგინეთ ჩემი ხელმოწერილი აღიარება 50 მილიონის მოპარვაზე

518

წინა სტატია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა თბილისის მერ კახა კალაძეს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს და მის განცხადებას უტიფარ ტყუილს უწოდებს.

მისი თქმით, კალაძემ იცრუა, როდესაც თქვა, რომ „უგულავამ თავად აღიარა დანაშაულის ჩადენა და 50 მილიონის მოპარვაზე აქვს ხელი მოწერილი“.

უგულავა კალაძეს მიმართავს, დღის ბოლომდე წარმოადგინოს „ხელმოწერილი ბრალის აღიარება“.

„მას შემდეგ, რაც ვიხილე ბატონი კალაძის სრულიად უტიფარი ტყუილი, გადავწყვიტე, განმარტებები გამეკეთებინა იმასთან დაკავშირებით, რაც სავარაუდოდ ივანიშვილს აქვს ჩაფიქრებული. ერთი – საზოგადოებას ვცემ პატივს და არა კალაძეს, რომელიც გითხარით, რომ მატყუარაა, ამდენი წლის განმავლობაში რას მედავება მე, როგორც მერს, პატივცემული ივანიშვილის პროკურატურა – არც ერთ საქმეზე მე არავინ მედავება, რომ რაიმე მოვიპარე და სახლში წავიღე, მე მედავებიან მხოლოდ იმას, რომ დავასაქმე ადამიანები, რომლებიც სავარაუდოდ მაშინდელი მმართველი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. მედავებიან იმას, რაც ათი ათას ხარისხში აქვს აყვანილი ბატონ კალაძეს და გავსებული აქვს მერია უვიცი ქოცებით და პარტაქტივით. ამიტომ როდესაც ბატონი კალაძე საუბრობს, რომ მე რაღაცა მოვიპარე – ბატონო კახი, ხარ უწიგნური, ეტყობა, არ იცი კითხვა და არ იცი ის, რომ მე არანაირი ჩვენება ამ საქმეზე არ მიმიცია, არათუ ბრალი მიღიარებია. ამიტომ გეუბნებით, რომ თქვენ ხართ უწიგნური და ხართ მატყუარაც, ცდილობთ, ხალხი შეიყვანოთ სიცრუეში.

ამიტომ მოგიწოდებთ და თქვენთვის გასაგები ენით – ტოებით და ბიჭოებით გეტყვით, დღის ბოლომდე წარმოადგინეთ ჩემი ხელმოწერილი, როგორც თქვენ თქვით განცხადება, თუ ბრალის აღიარება, რომ მე 50 მილიონი მოვიპარე. თუ ამას არ იზამთ, მაშინ დღის ბოლოსთვის იქნებით ის, რაც თქვენ ჰომოგენურად ყველაზე მეტად გესმით, ანუ დაგინების შემდეგ მატყუარას რა ჰქვია, თქვენივე ჟარგონით თქვენივე წრეში მოიკითხეთ, თუ შენ თვითონ კარგად არ იცი“ ,- განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ ქვეყანაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების დევნა არ მიმდინარეობს და თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება იქნება.

კალაძემ გიგი უგულავას სასამართლო პროცესთნ დაკავშირებით საუბრისას კი აღნიშნა, რომ „უგულავას სადავო არაფერი აქვს, რადგან მან დანაშაული თავად აღიარა, 50 მილიონის მოპარვაზე აქვს ხელი მოწერილი“.