კაცმა 50 მილიონი მოიპარა და ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რა პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ? – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ოპოზიციური ლიდერების, მათ შორის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიმართ პოლიტიკური დევნა, რომელთა სასამართლო პროცესებიც მიმდინარეობს.
მისივე თქმით, თუ ადამიანს დანაშაული აქვს, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იქნება. რაც შეხება გიგი უგულავას, კახა კალაძემ განაცხადა, რომ გიგი უგულავამ თვითონ აღიარა, რომ დანაშაული ჩაიდინა და ამაზე ხელი მოაწერა.
„პოლიტიკასთან რა შუაშია, თუ ადამიანს აქვს დანაშაული ჩადენილი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან იქნება რეაგირება, მაგრამ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს ძალიან მარტივად შეუძლიათ, დაანახონ საზოგადოებას სიმართლე და რეალობა. შესაბამისად, ვერავინ დაიჩაგრება, ჩვენ არავინ არასდროს დაგვიჩაგრავს და ამას ვერავინ გაბედავს. გიგი უგულავას სადავო რა აქვს? გიგი უგულავამ თვითონ აღიარა, რომ დანაშაული ჩაიდინა და ამაზე ხელი აქვს მოწერილი. სადავო რა არის, რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, კაცმა 50 მილიონი მოიპარა და ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რაზე ვსაუბრობთ საერთოდ“ ,- განაცხადა კალაძემ.