ხელვაჩაურში წლებია გზის მშენებლობაპროტესტის ფონზე გრძელდება. სოფელ მახვილაურში მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ სახლებზე ბზარებს ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები იწვევს. ავტობანის წინააღმდეგ საპროსტესტო აქცია ადგილობრივებმა სამშაბათს კიდევ ერთხელ გამართეს და ზიანის ანაზღაურება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. ამის შესახებ სიუჟეტს ტვ 25 ავრცელებს.
კედლებზე ბზარები გულიკო სურმანიძის თქმით, ყოველდღიურად მატულობს. პრობლემამ კი მისი ვარაუდით, მას შემდეგ იჩინა თავი, როდესაც დასახლებაში ავტობანის მშენებლობა დაიწყო. შედეგად სახლის სხვა ოთახებიც ზიანდება. ადგილობრივი ზიანის ანაზღაურებას თხოვს.
პრობლემაზე დასახლებაში კიდევ ერთი ადგილობრივი საუბრობს. ვეფხია სირაძე ამბობს, რომ ბრაზები დღითიდღე მატულობს, რაც საფრთხის შემცველია. სირაძე რეაგირებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციების გაგრძელებას აანონსებს.
ავტობანის მშენებლობას მახვილაურში მცხოვრებთა უმრავლესობა ეწინააღმდეგება. ადგილობრივები დღეს, კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და პასუხისმგებელ ორგანოს ზიანის ანაზღაურება მთხოვეს. მოსახლეობის ინტერესებს თამაზ ბაკურიძე იცავს. უფლებადამცველს უკვირს რატომ გაურბის პასუხისმგებლობას პროექტის განმახორციელებელი უწყება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტეს, რომ ადგილობრივთა მოთხოვნებს ხელახლა შეისწავლიან, თუმცა აქ მიაჩნიათ, რომ სახლების დაზიანებას ავტობანის მშენებლობა არ იწვევს.
ბათუმის ახალი შემოვლითი გზა მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს გაივლის. პროექტის ფარგლებში 2 გზის, 19 სახიდე გადასასვლელისა და 5 გვირაბის მშენებლობა მოხდება. პროექტის ღირებულება 330 მილიონამდე ლარს შეადგენს.