ბენდელიანმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც ჭავჭავაძის გამზირზე სკამების დამონტაჟება გადავადდა

633

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განმარტებით, ჭავჭავაძის გამზირზე სკამების დამონტაჟებასთან დაკავშირებით ტენდერის შეწყვეტა იმიტომ მოხდა, რომ სატენდერო პირობებში ვანდალური ფაქტების მიმართ გამძლეობა გათვალისწინებული არ იყო. ინფორმაციას ბიზნეს მედია ავრცელებს.

მისივე განმარტებით, უახლოეს მომავალში ახალი ტენდერი გამოცხადდება.

“სკამებთან დაკავშირებით გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან ხდებოდა ისეთი ინტერპრეტაციები, თითქოს განსაკუთრებული დოკუმენტი ჩაიგდეს ხელში და საიდუმლო ამოხსნეს. ნებისმიერი სატენდერო დოკუმენტაცია, მათ შორის დავების საბჭოსი არის ღია და საჯარო. ნებისმიერ პირს შეუძლია ნახოს, გადაწყვეტილებები რას ემყარება. იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქის მასშტაბით მომრავლდა ვანდალიზმის ფაქტები, ასევე ის, რომ ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია ხდება, გვინდა, რომ ამ ყველაფერმა გაუძლოს დროს, მოხდა გარკვეული ცვლილებების შეტანა, სკამებმა ვანდალიზმს უნდა გაუძლოს. დავების საბჭოს გადაწყვეტილების შესრულება საჭირო იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ტენდერი გაგრძელდებოდა. კანონისგან მონიჭებული უფლებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტენდერი შეწყვეტილიყო, ახალი ტენდერი როცა გამოცხადდება, მასში გათვალისწინებული იქნება ის არგუმენტები, რის გამოც ტენდერი შევწყვიტეთ“, – განაცხადა ბენდელიანმა.

ჭავჭავაძის გამზირზე სკამების განთავსებისთვის მერია 2,5 მილიონი ლარის დაიხარჯვას გეგმავდა. ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, გაზაფხულზე დასრულდება.