გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით ახალი სათავე ნაგებობა კეთდება. გარდა ამისა, 2020 წელს სასმელი წყლის სისტემის მოწყობა სოფელ არაშენდაშიც იგეგმება.
ბობნევში წყლის ახალი სათავე ნაგებობის მოწყობის სამუშაოების მთლიანი ღირებულება დაახლოებით 250 000 ლარია. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, სასმელი წყლის სათავესთან გაკეთდება 50-ტონიანი რეზერვუარი, რომელსაც შიდა ქსელით დაუკავშირებენ სოფლის მცხოვრებთა ოჯახებს.
სოფელი ბობნევი მდინარე ტანას ხეობაში მდებარეობს. დაშორება ყველა დიდი სოფლიდან, ატენიდან 5-7 კმ-ია. გზად უამრავი კოტეჯი (რესტორანი) შენდება. ბობნეველები ამბობენ, რომ ერთია, როცა ადამიანი დასასვენებლად ამოდის, მეორეა როდესაც მას დასარჩენი ადგილები არ ეგულება.
ამჟამად, ბობნევი ძალიან მცირერიცხოვანი სოფელია. ამ სოფლიდან მიდის გზა ბიისის ჩანჩქერისკენ და თერმულ წყლებამდე.
რაც შეეხება სოფელ არაშენდას წყლით მომარაგებას, მერიაში აცხადებენ, რომ წყლის სისტემის მოსაწყობად ტენდერია გამოცხადებული.
სამუშაოების სატენდერო ღირებულება 522 731 ლარია. წინადადებების მიღება 30 იანვარს სრულდება.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალმომარაგების შიდა გამანაწილებელი ქსელი, ჭაბურღილი, საქლორატოროსა და სადაწნეო სარეგულაციო რეზერვუარი.
ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სოფელში ამ დროისთვის წყალმომარაგების სისტემა საერთოდ არ არსებობს. ათეული წლებია ადგილობრივები წყალს რამდენიმე კილომეტრიდან ეზიდებიან. სამუშაოების დასრულების შემდეგ 224 ოჯახს წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს.