გლდანში 26 ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა

502

თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანში მცხოვრებ 26 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.

როგორც კალაძემ განაცხადა, მისი მერობის პერიოდში საცხოვრებელი ფართები 800-მდე ოჯახს დაუკანონდა.

„ეს იყო წინასაარჩევნოდ ჩემი დაპირება, რომ ასეთ ოჯახებს დავეხმარებოდით, ხელს შევუწყობდით. მათ ჰქონდათ წლების განმავლობაში გარკვეული პრობლემები, მათ შორის ბიუროკრატიული, შეიძლება საბუთების მოგროვების თვალსაზრისითაც. გამგეობისა და მუნიციპალიტეტის სრული ჩართულობით, 800-ზე მეტ ოჯახს უკვე მიეცა შესაძლებლობა, ის ბინები, რომელშიც ისინი ათეული წლებია ცხოვრობენ, დაკანონებულიყო. ვულოცავ ამ ადამიანებს. ძალიან დიდია სიხარული და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მთელი 2020 წლის განმავლობაში ბევრი ასეთი სიხარული იყოს”, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გლდანის I მ/რ-ის N3ბ-ში 17 ოჯახი 20 წელია ცხოვრობს, ხოლო გმირი კურსანტების N1-ში 9 ოჯახი – 10 წელზე მეტია. ამ ოჯახებმა საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად მიიღეს.