გორის სოფელ ტინისხიდში სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა

562
თბილისი gwp

ტინისხიდში სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა. პროექტის სატენდერო ღირებულება 924 485 ლარია.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, წინადადებების მიღება პირველიდან ექვს თებერვლამდე გაგრძელდება. შესყიდვის პირობებიდან გამომდინარე სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა დასრულდეს.

პროექტის მიხედვით მოეწყობა წყალსადენის ახალი სისტემა და თითოეულ ოჯახს დაუმონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველი.

სოფელში მცხოვრებ 600-მდე ოჯახს ინდივიდუალური ონკანი 40 წელზე მეტია არ ქონია. 170- მდე ოჯახი 10 წელია საუბნო ონკანებით სარგებლობს, რომლების საშუალებითაც წყალი დღეგამოშვებით, ერთი საათით მიეწოდებათ. დღემდე ადგილობრივების ერთი ნაწილი ჭებით სარგებლობს, მეორე ნაწილი კი სასმელ წყალს მეზობელი სოფლებიდან და გორიდან ეზიდება.