არცერთ სცენარში ჩვენ მომხმარებლებს ამ ყვითელი “ფორდის” მიკროავტობუსებს არ დავუტოვებთ და აუცილებლად ჩავანაცვლებთ, – ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ BMG-ის გადაცემა “საქმის კურსში“ ახალი მიკროავტობუსების შეძენასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ბაზრის კვლევა გამოავლენს რა ვადაში და რა ფასად არის შესაძლებელი 300 ერთეულის შემოყვანა, ძალიან ვჩქარობთ, იმიტომ რომ ძალიან გვინდა მალე ჩავანაცვლოთ და ეს არაკომფორტული, მოუწესრიგებელი და გაუმართავი ინფრასტრუქტურა, რაც შეიძლება მალე ამოვიღოთ მოხმარებიდან და მომხმარებლებს მივცემთ სუფთა, გამართული და კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მისივე თქმით, ახალ მიკროავტობუსებთან ერთად გარკვეული კონცეპტუალური ცვლილებებიც იქნება უშუალოდ მძღოლებთან ურთიერთობაში:
„მათთვის უფრო კომფორტულ სცენარზე გადავა ეტაპობრივად კომპანია. რა დროსაც უკვე თავად სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობა და კონციდიონერების ჩართვა აღარ იქნება ისეთი პრობლემური საკითხი, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ტექნიკურად გამართული იქნება ეს მიკროავტობუსები.
300 ერთეულიც არ არის ის, რითიც მუნიციპალიტეტი მიკროავტოუსების ბაზარზე დაასრულებს მოღვაწეობას, რა თქმა უნდა, დღეს ბაზარზე ოპერირებს 1400-1500-მდე მიკროავტობუსი და 300 ერთეული არის დაახლოებით 20 პროცენტი ამ ყველაფრის და ჩვენ დროთა განმავლობაში მხოლოდ 300 ერთეულს კი არა, მთლიანად ჩავანაცვლებთ“, – აღნიშნა თბილისის ვიცემერმა.
აღსანიშნავია, რომ 300 ახალი მიკროავტობუსის შეძენასთან დაკავშირებით ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.