საქართველო „წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად“ დასახელდა

579

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გამართულ ნორდიკულ ქვეყნებში უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე MATKA 2020-ზე საქართველო „წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად“ დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ გამოფენის სამიზნე ბაზარი მოიცავს არა მხოლოდ ფინეთის ტურისტულ სეგმენტს, არამედ ნორდიკულ და ბალტიის ქვეყნებსაც.

გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია მესამე წელია, რაც აქტიურად მონაწილეობს. წელს, ერთიან საპრეზენტაციო სტენდზე წარდგენილია ცხრა კომპანია და ორგანიზაცია: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, შპს „აჭარა-ტური“, Georgia in Contact, Caucasus Travel, World Express, Georgian Travel Group, Voyage Tours, APG, Iberia Tours Plus.

გამოფენას ესწრება 80 000-მდე ვიზიტორი, ხოლო ღონისძიებაზე მონაწილეობს 22 500 ტურიზმის პროფესიონალი 86 ქვეყნიდან.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფინეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 12 თვის მონაცემებით გაზრდილია 17.7 %-ით წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.