“მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ ორ მეათეკლასელ მოსწავლეს, რომელიც შემოვლითი გზით ჩვენს სკოლაში დადის”- განაცხადა სკოლის დირექტორმა ლელა ბიბილურმა სკოლის გახსნის ღონისძიებაზე.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში საჯარო სკოლა გაიხსნა, რომელიც 2017 წლიდან დაკეტილი იყო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
ლელა ბიბილური qartli.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ორივე მოსწავლე ბიჭია და ზემო არცევში ცხოვრობს. ზემო არცევი ცხინვალის რაიონს ეკუთვნის და სოფელ ქვეშს ემიჯნება.
,,ამ ბავშვებს ჩვენს სკოლაში სიარული არასდროს შეუწყვეტიათ. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადი მდგომარეობა გამყოფ ხაზთან იძაბება, მხოლოდ, ამ პერიოდში იკავებენ მშობლები თავს, რომ სკოლაში გამოუშვან. სხვა შემთხვევაში, დადიან სკოლაში. ორივე ბიჭი კარგად თამაშობს ფეხბურთს და საშუალებას ვაძლევთ, რომ ამ მხრივ უნარები გაიუმჯობესონ. გვაქვს ამის საშუალება, რომ მწვრთნელთან ივარჯიშონ. მათი ოჯახები ზემო არცევში ცხოვრობენ და იმის გამო, რომ ყველაზე ხელსაყრელი გზა ჩვენამდე აქვთ, შემიძლია გითხრათ, რომ ამ ხნის მანძილზე არც არავის დაუშლია მათთვის სკოლაში სიარული.” – გვითხრა ლელა ბიბილურმა.
ცნობისათვის, 2008 წლის აგვისტოს ომამდე, ზემო არცევიდან ქვეშის სკოლაში 35 მოსწავლე დადიოდა. ომის შემდეგ, სოფელი დიდმა ნაწილმა დატოვა და საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გადავიდა. დანარჩენი მოსახლეობა, ძირითადად, ეთნიკური ოსები კი, სოფელში დარჩნენ.
,,ვინც ჩვენი ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოვიდა, მათ საცხოვრებელი სახლები სხვადასხვა ტერიტორიაზე მიიღეს, ზოგმა გორში, ზოგმა სხვაგან და ამიტომ მოსწავლეებიც წაიყვანეს. ზემო არცევში კი ვინც დარჩა, მათმა შვილებმა სწავლა ჩვენთან გააგრძელეს. ამჟამად, ვერ გეტყვით, არიან თუ არა სხვა ბავშვები ზემო არცევში, ამ ორი მოსწავლის გარდა, სხვა ასეთი მომართვა არ ყოფილა” – განმარტავს სკოლის დირექტორი.
ცნობისათვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვეშში ახლადრეაბილიტირებული სკოლა 15 იანვარს გაიხსნა.
სკოლა 40 წლის წინ აშენდა, თუმცა დროთა განმავლობაში მწყობრიდან გამოვიდა და 2017 წელს ჭერი ჩამოინგრა. შესაბამისად, სასწავლო პროცესი შეწყდა. ორი წლის განმავლობაში ქვეშის საჯარო სკოლის 240-ზე მეტი მოსწავლე განათლებას სოფელ გარეჯვარის სკოლაში იღებდა.
აშშ-ს მთავრობსი ფინანსური დახმარებით, სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სკოლის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი დაიხარჯა. გახსნის ღონისძიებას აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ესწრებოდა.
ქვეშის ახლად რეაბილიტირებული სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. დღეიდან ზემო არცეველები და ქვეშში მცხოვრები მოსწავლეები ახალ, გარემონტებულ სკოლაში ისწავლიან.