საქართველოს კანონმდებლობა სათანადოდ არ არეგულირებს სამუშაო საათების, შესვენების, ყოველკვირეული დასვენების, ღამის საათებში მუშაობის ხანგრძლივობას და არ უზრუნველყოფს სახელმწიფო ზედამხედველობას შრომის ყველა პირობის შესრულებაზე, – ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ადამიანის უფლებების 2020 წლის ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, არასათანადო რეგულაციების შედეგად დამკვიდრებული სამუშაო პრაქტიკა უპირატესობას საწარმოო მიზნებს ანიჭებს, რაც რისკს უქმნის მშრომელთა უსაფრთხოებას.
“მაგალითად, მანგანუმის ზოგიერთ მაღაროში მაღაროელები მიწისქვეშ ზედიზედ 15 დღის განმავლობაში 12-საათიან ცვლებში მუშაობენ, მათ შორის ღამით, რაც იწვევს მათ გადაღლილობას და ზრდის უბედური შემთხვევების და დაშავების ალბათობას. მაისში ამ მაღაროების 2,500-მდე მეშახტე 12 დღის განმავლობაში იყო გაფიცული და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების ზრდას ითხოვდა”, – აღნიშნულია ანგარიშში.
როგორც Human Rights Watch-ი წერს, შრომის ინსპექციის გასაძლიერებლად და ხარვეზების გამოსასწორებლად, რომლებიც ზეგანაკვეთურ მუშაობას, დასვენებას და სხვა მსგავს საკითხებს ეხება, ხელისუფლებამ საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა. თუმცა ამ ანგარიშის მომზადებისას ცვლილებათა ეს პაკეტი ჯერ კიდევ არ იყო პარლამენტში ინიცირებული.