ქუთაისში 26 მაისს გამართული ფოლკლორის ფესტივალი „გაზაფხულის რიტმები“ მერიამ დააფინანსა. მერიის გადაწყვეტილებითვე, შპს „ნატალი ნ“-ის ორგანიზებით გამართული ფესტივალი 26 მაისის პროგრამაში გაიწერა. ეს არი არის პირველი ღონისძიება და სხვადასხვა სახელწოდებით მათივე ორგანიზებით ფესტივალი მეოთხედ გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეები ინდივიდუალურად 40 ლარს იხდიდნენ. მასში დაახლოებით 30 ქორეოგრაფიული ანსამბლი მონაწილეობდა. საშუალოდ, თითო ანსამბლში 30–40 ბავშვი იყო.
ფესტივალის არაორგანიზებულობა და მონაწილეობის საწევრო გახდა მშობლების უკმაყოფილების მიზეზი. მათ კითხვები შეკრებილი თანხის მიზნობრიობასთან დაკავშირებით გაუჩნდათ. ამის შესახებ მშობლებმა “ნიუპრესთან” ისაუბრეს.
„მესმის, რომ ფესტივალი უნდა ჩატარდეს და ამისთვის თანხაც შეიძლება გავიღოთ, ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ ფესტივალი, რომელიც მერიის პროგრამაშია და საორგანიზაციო სამუშაობს მერია აფინანსებს, რატომ უჯდება თითო ბავშვს 40 ლარი? რა სამუშაოები შეასრულა ორგანიზაციამ, რომელმაც დაგეგმა ფესტივალი? ღონისძიებაში ჩართული იყო მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ადევნებდნენ თვალს ფესტივალის მსვლელობას, ამით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ ფესტივალი მერიის მიერ იყო დაფინანსებული. მაშინ რაში გაიხარჯა შეკრებილი თანხა, როდესაც ჩვენს ბავშვებს ტრანსპორტირებაც არ ჭირდებოდათ. ეს ყველაფერი ბევრ კითხვას აჩენს. ასევე მოხდა ფესტივალისთვის ადგილის შეცვლა, რომლის შესახებაც 25 მაისს, საღამოს გავიგეთ. ამის გამო მშობლების ნაწილი ოპერის თეატრის ნაცვლად მესხიშვილის თეატრში მივიდა. როდესაც ფულს კრებ, ორგანიზებაც უნდა მოახდინო. ფესტივალი პირველი საათის მაგივრად, დილით გაიმართა და მშობლებმა ხუმრობით „ხაშის ფესტივალი“ შეარქვეს. შეზღუდული დროით დაგვითმეს დარბაზი, ქორეოგრაფები ე.წ. სვერკის გავლას ითხოვდნენ და ამის დროც არ იყო, ოპერის ადმინისტრაციამ კატეგორიულად მოითხოვა 11:30-წუთზე დარბაზი დაგვეტოვებინა “–განაცხადეს მშობლებმა, რომლებმაც ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავეს.
თანხის შეგროვება არ დაადასტურა 23-ე სკოლის ქორეოგრაფიული ანსაბლის ხელმძღვანელმა თემურ ჩოგოვაძემ. მისი თქმით, თანხა არ აუკრებია. ცეკვის ანსამბლის „ქუთაისი“ წარმომადგენელმა ნათია აბჟანდაძემ ჯერ საუბარი არ ისურვა, მოგვიანებით თვითონ დაგვიკავშირდა და თანხის საჭიროება განმარტა.
„ეს თანხა გვჭირდებოდა, მუსიკოსები რომ დაგვესვა და გვემეცადინებინა ფესტივალზე გასვლამდე, ამიტომ ავკრიბეთ თანხა მშობლებში, ასევე ამ თანხით მოხდა ფორმების დაქირავება და არ მესმის, რა არის აქ გასაკვირი და გასარკვევი“–ამბობს ნათია აბჟანდაძე.
საწინააღმდეგოს ამტკიცებენ მშობლები, რომელთა განცხადებითაც, ფორმები მშობლებმა თვითონ დაიქირავეს, რისთვისაც დამატებით გაიღეს თანხები.
ფესტივალის ორგანიზატორი ნაილი კიბაბიძე მისი მისამართით გაჩენილ კითხვებს ფესტივალის მტრებს უკავშირებს და ამბობს, რომ ცდილობენ მისი საქმიანობა დააზარალონ. ნაილი კიბაბიძემ ჯერ გვითხრა, რომ ფულის აკრეფის შესახებ არ იცოდა, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ თანხა, შესაძლოა, ქორეოგრაფებმა აკრიფეს სხვადასხა საკითხის გადასაჭრელად.
„გაზაფხულის რიტმები“, ეს არის საერთაშორისო ფესტივალი იმერეთში. „ნატალი ნ“-ის საფუძველზე შეიქმნა საორგანიზაციო ჯგუფი და მათ მიერ მოხდა ფესტივალის ორგანიზება. ფესტივალი ჭირდება ქალაქს და ასეთი ჭორები ცუდად მოქმედებს იმიჯზე. მე არ ვიცი, რა თანხა აიკრიბა, შესაძლოა, ქორეოგრაფებმა აკრიბეს. თვითონ განსაზღვრავენ, რაში ჭირდებოდათ თანხა, ყველას თავისი მუსიკოსი ყავდა და ალბათ, ამისთვის ჭირდებოდათ. ეს არის სხვისი სამზარეულო და სხვის სამზარეულოში ჩახედვა არასწორია. თქვენ ახლა გამომძიებლის როლში გამოდიხართ. ჩემს ფესტივალს ნურავინ შეეხება. თუ არ მოსწონთ თანხის აკრება, ნუ მივლენ და იქ მივიდნენ, სადაც ფულს არ კრებენ. ჩივილი არაა სწორი. ამ ქორეოგრაფებს უამრავი შრომა აქვთ და არ არის ეს სხვისი გასარჩევი“,-განაცადა ნაილი კიბაბიძემ. მისი თქმით, ფესტივალს აქვს ხარჯები, ასევე ყავდათ მოწვეული სტუმრები და ანსამბლები სხვა რაიონებიდან, რომელთა დაბინავება და ფესტივალის დახურვის შემდგომ ბანკეტი ხარჯებთან არის დაკავშირებული. მისივე განცხადებით, ღონისძებას მხარდაჭერას ქუთაისის მერიასთან ერთად იმერეთის გუბერნიაც უცხადებდა, თუმცა ფინანსურ მხარდაჭერას მხოლოდ ქუთაისის მერია უზრუნველყოფს. კიბაბიძე, აცხადებს, რომ გასულ წელს მერიამ ფესტივალისთვის 12 800 ლარი გამოყო, ასევე მნიშვნელოვანი თანხით დააფინანსა შარშანწინაც.
„შარშან ფესტივალი მერია 12 800 ლარით დააფინანსა, შარშანწინაც თავისთავზე აიღო თანხა, მაგრამ წელს გავითვალისიწინეთ, რომ თანხები არ იყო და მხოლოდ თეატრის იჯარა და აპარატურის დაფინანსება მოვითხოვეთ“,-განაცხადა ნაილი კიბაბიძემ.
წყარო: ნიუპრესი