პარტია “თავისუფალი საქართველო” აცხადებს, რომ ქუთაისის მერიაში საწვავის ხარჯები გაზრდილია. პარტიის თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ბრიფინგი ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის საერთო საცხოვრებელთან გამართა და არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ადამიანები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ, ამის ფონზე კი მერია 11 თვეში 200 000 ლარის საწვავს არამიზნობრივად ხარჯავს.
გოგი წულაია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, დაინტერესდეს, ქალაქებში არსებული პრობლემებით.
“სპეციალურად გავმართე აქ ბრიფინგი, რადგან მეჩვენებინა, როგორ ცხოვრობენ ადამიანები და ამის ფონზე, რა რაოდენობის საწვავს ხარჯავს მერია. მთელი დღე რომ „იტაქსაო“, ამ ოდენობის საწვავს ვერ დახარჯავ და საინტერესოა, სად მიაქვთ? მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, ნუ უკვირს, მოქალაქეები რომ აგინებენ, დაინტერესდეს, როგორ მუშაობენ მერები და მიხვდება, რატომ არის ასეთი განწყობები“, – განაცხადა გოგი წულაიამ.
მისი თქმით, მერიის გარდა დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარს საკრებულო და ა(ა)იპ-ები.
მერიაში წულაიას საპასუხოდ კომენტარს არ აკეთებენ.