ჯარიაშენის მოსახლეობა იმ მიწის გასხვისებას აპროტესტებს , რომელსაც სოფელი საძოვრებად იყენებდა

887

წინა სტატია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობა საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე, 2003 წელს იჯარით გაცემული 20 ჰექტრამდე მიწის ფართობზე სამუშაოების დაწყებას აპროტესტებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სამართლებრივი ბრძოლა დაიწყეს და ვითარების გარკვევამდე ტექნიკას მუშაობის უფლებას არ მისცემენ. აქციის მონაწილეებმა მეიჯარეებს ნაკვეთის დამუშავების საშუალება არ მისცეს.

ეს ფართობი სოფლის საკუთრებაში იყო და მიწის რეფორმის ფარგლებში ადგილობრივებზე განაწილდა. ჯარიაშენის მოსახლეობა ამ ფართობს საძოვრებად იყენებდა. მას შემდეგ, რაც სოფლის საძოვარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა, ტერიტორია ადგილობრივებისთვის ერთადერთი ფართობია პირუტყვის სამწყემსად.

ჯარიაშენის მოსახლეობამ დღეს ტექნიკას სამუშაოების გაგრძელების უფლება არ მისცა. ორმა ტრაქტორმა, რომლითაც მიწის დამუშავება მიმდინარეობდა, მუშაობა შეაჩერა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.  ადგილობრივების ამბობენ, რომ ტექნიკას მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.

მოსახლეობა აცხადებს, რომ თუ საძოვარი არ ექნებათ, იძულებულები გახდებიან პირუტყვი გაყიდონ, ეს კი მათი შემოსავლის ერთერთი ძირითადი წყაროა.

მიწის ფართობი 20 წლის ვადით ახალუბნის კოოპერატივზე იჯარით არის გაცემული და ეს ვადა 2023 წელს იწურება. მოსახლეობის ნაწილი გორის მუნიციპალიტეტის მერსაც შეხვდა, სწორედ მან ურჩია მოსახლეობას სამართლებრივი ბრძოლის დაწყება.