გაზის ტარიფის რაიმე სახის ზრდას ამ ეტაპზე არ ველოდებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ბუნებრივი აირის ტარიფებთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, უკვე განიხილეს კომპანიების მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო წინადადებები.
„გარდა ამისა, სხვა ეკონომიკური პარამეტრებიც გვაქვს დაანგარიშებული. ამჟამად მიმდინარეობს მისაწოდებელი გაზის ფასის დადგენა. უახლოეს დღეებში დავადგენთ გაზის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფს“, – აცხადებს ნარმანია.
გარდა ამისა, ნარმანიას განცხადებით, 2020 წლისთვის რაიმე სახის კომუნალური ტარიფის გაზრდა მოსალოდნელი არ არის. ელექტროენერგიის ტარიფების გადაანგარიშება კი ერთი წლის შემდეგ მოხდება.
მისივე განცხადებით, გრძელდება ტენდენცია, რომ იზრდება ელექტროენერგიაზე მოთხოვნა, რასაც საჭიროა ადგილობრივი გენერაციის ზრდით ვუპასუხოთ.
„ეკონომიკური ზრდის ადეკვატურად, ქვეყანაში იზრდება ენერგიაზე მოთხოვნა. ამიტომ, მეტი ადგილობრივი რესურსის ამოქმედება, მეტი ჰესის მშენებლობაა საჭირო. იმპორტის შემთხვევაში დროთა განმავლობაში ტარიფზე ზეწოლა იზრდება, ამიტომაცაა საჭირო, რომ უარი არ ვთქვათ, განსაკუთრებით უწყინარ ჰესებზე, რომლებიც გარემოზე რაიმე სახის მნიშვნელოვან დამაზიანებელ გავლენას არ ახდენს“, – აღნიშნა ნარმანიამ.