თბილისის მერია ახალი წლის კონცერტზე სცენის დეკორაციებისთვის 200 000 ლარს დახარჯავს

945
ახალი წლის ნაძვის ხე თბილისში

თბილისის მერია ახალი წლის გალაკონცერტის სცენის დეკორაციებისთვის 200 ათას ლარს დახარჯავს. დედაქალაქის მუნიციპალიტეტი შესყიდვას გამარტივებული ტენდერით – პირდაპირი შესყიდვით ითხოვს. ტენდერის ზუსტი ღირებულება 195 960 ლარია. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.

მიმწოდებელი კომპანია შპს “თი სი ეიჩია”, რომელიც 2018 წელს არის დაარსებული და მისი მესაკუთრე და დირექტორი თაყა ჩხაიძეა.

დოკუმენტის მიხედვით, დეკორაციების მონტაჟი 28 დეკემბრამდე უნდა მოხდეს, მისი დემონტაჟი კი 2 იანვრამდე.

გარდა ამისა, თბილისის მერია საახალწლო სპეცეფექტებსა და ფოიერვერკებში 101,150 ლარის დახარჯვას გეგმავს. სპეცეფექტებისთვის მერიას სურს შეისყიდოს 150 ცალი კონფეტი, 150 ცალი ე.წ შადრევანი და 30 ცალი 5-მეტრიანი ე.წ ჩანჩქერი.

პლუს, საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიება მერიას 209 000 ლარი უჯდება.

თბილისის მერიამ ცენტრალური ნაძვის ხე და განათებების სისტემა 2.8 მილიონ ლარად იტალიური კომპანია IDO SRL-ისგან შეიძინა, საიდანაც ნაძვის ხის ღირებულება 1 მილიონი ლარი იყო.

ჯამში, კონცერტები, ნაძვის ხე და განათებები 4.8 მილიონი ლარი ჯდება.