ზუგდიდის აკვაპარკის ტერიტორიაზე მიწის გასხვისებას დეპუტატების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა

803

ქალაქ ზუგდიდში, „აკვაპარკის“ ტერიტორიაზე 10 კვადრატული მიწის ნაკვეთი სავაჭრო ობიექტის განსათავსებლად გასხვისდა. გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. საუბარია ნიკოლაძის ქუჩა #3-ში პირდაპირი განკარგვის წესით, მიწის იჯარის ფორმით გადაცემაზე შპს „ჯეო დისტრიბუშენ გრუპზე“, რომელიც აქ საკუთარ წარმოებას, ხორც-პროდუქტებს გაყიდის. კერძოდ „ბიუ ბიუს“ ქათმის ნაწარმს.

ეკონომიკის და ურბაული განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ქოჩუამ აღნიშნა, რომ აქ დაიდგმება მსუბუქი კონსტრუქცია, ბორბლებიანი, ავტომისაბლელიანი ჯიხური ხუთი წლის ვადით. თუმცა, კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, მერია იღებს ვალდებულებას და ეს ხელშეკრულებაშიც არის გაწერილი, რომ თუკი ინვესტიცია შემოვა მოცემულ ტერიტორიაზე და მშენებლობა დაიგეგმება, ნაკვეთი კომპანიამ უნდა გაათავისუფლოს.

აღნიშნულ წინადადებას ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

„ევროპული საქართველოს“ წევრ ბათლომე შელიას თქმით, გადაწყვეტილება არასწორია და ამიტომ მას მხარი არ დაუჭირა.

„მაშინ, როცა თქვენ იქ პაატა დანელიას გადაეცით მიწა, ვთქვი, რომ ფაქტიურად დაიწყებოდა ამ მიწის გასხვისების და ბიზნესისთვის გამოყენების პროცესი. აგერაა მაგალითი ამის. ხორცის გაყიდვა რომ უნდა, ამის გამო აკვაპარკის ტერიტორიის მიცემა რამდენად სწორია, ჯერ ერთმანეთს ვკითხოთ და მერე მერმა კითხოს თავის თანამშრომლებს, საზოგადოებასაც. ასეთი მდიგომით ხუთი წლით ხორცს მივცემთ, შემდეგ გამოჩნდება ბოსტნეულის გამყიდველი და ჩვეულებრივ სავაჭრო ობიექტად ვაქცევთ აქაურობას“, – განმარტა მან.

წინადადებას მხარი არც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან კონჯარიამ დაუჭირა. მისი თქმით, მიზანშეუწონელია აღნიშნულ ტერიტორიაზე „ფეხზე დამდგარი კონტეინერის თუ პრიცეპიანი ობიექტის“ განთავსება.

„კეთილი ინებოს და როგორც სხვა ქალაქშია, დედაქალაქშია, ქუთასშია, რუსთავშია, ჩვეულებრივ ფართი იქირაოს, ათი თუ ოცი კვადრატი იქნება და ადამიანურად, ცივილურად გაყიდოს თავისი ხორცი“.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უსაყვედურეს საკრებულოს თავჯდომარეს, რომ ის მსგავს საკითხებს მხარს არ უნდა უჭერდეს.

საპასუხოდ ნატალია შეროზიამ აღნიშნა – „არ არის ისეთი უსახური და ბაბაიაგას ბორბლები.. არ არის ისეთი საზარელი ფაქტი, როგორც თქვენ ხატავთ“.

წინადადების მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს ფრაქცია „ზუგდიდის მომავლისთვის“ წარმომადგენელმა ლაშა ფარცვანიამ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა კახაბერ ფარცვანიამ.