„არა ბათუმის ჩაბეტონებას“,- ორგანიზაცია „მწვანე მომავალი“ ბათუმის კონცხზე 5 ცათამბჯენის მშენებლობას ეწინააღმდეგება. დღეს დაფუძნებული მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ სანაპიროს მიმდებარედ მსგავსი მასშტაბის მშენებლობა დაუშვებელია. ახალგაზრდებმა მანიფესტი წაიკითხეს, რომელშიც „ბათუმის რივიერაზე“ მშენებლობის შემთხვევაში ეკოკატასტროფაზეა საუბარი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მოძრაობის წევრებმა რივიერას შემოღობილ ტერიტორიაზე წარწერები დატოვეს, რა დროსაც სიტყვიერი დაპირისპირება, სავარაუდოდ, კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმომადგენელთან მოუხდათ, თუმცა, ინფორმაციას კომპანიაში არ ფლობენ. კომპანიის პოზიცია კი პროექტზე უცვლელია. მოქალაქეები, არასმთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ბათუმის კონცხზე 5 ცათამბჯენის მშენებლობას თითქმის წელიწადნახევარია, აპროტესტებენ.