ვაცადოთ ინვესტორს დარჩენილი დღეები. ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს, როგორც ჰაერი ისე სჭირდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ანაკლიის პროექტი პრიორიტეტული და სტრატეგიულია.
თურნავა აცხადებს, რომ მოქმედ პორტებში თავისუფალი ადგილი არაა, იმდენად გაიზარდა დატვირთვა, ამიტომ ანაკლიის პორტის დროულად აშენება ძალიან წაეშველებოდა ამ სიტუაციას.
„მე არ მინდა მოვლენებს გავასწრო, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად რამდენიმე დღეა დარჩენილი ინვესტორის დედლაინის ამოწურვამდე. დავაცადოთ, ეს ფორმალური დედლაინი დადგეს, შემდეგ რა თქმა უნდა, სამთავრობო გუნდი შევიკრიბებით და ვნახავთ რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ყოვლად აუცილებელი პროექტი ბოლოს და ბოლოს განხორციელდეს. ანაკლიის პროექტი დაგვიანდა, 2017 წლიდან ინვესტორის მოთხოვნით ვადების გადავადება ხდება. ტენდერის თავდაპირველი ვადებით, მომავალი წლიდან უნდა გვქონოდა ღრმაწყლოვანი პორტი, სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა“, – აცხადებს თურნავა.
შეგახსენებთ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” ვალდებულებების შესრულების საბოლოო ვადა 31 დეკემბერს ეწურება.