“მანის” მარკის 143-ვე ავტობუსი 20 ივლისიდან სხვადასხვა ხაზზე იმოძრავებს

664

“მანის” მარკის 143-ვე ავტობუსი 20 ივლისიდან სხვადასხვა ხაზზე იმოძრავებს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა. მისივე თქმით, ხვალ დიდ დიღომში ახლად აშენებული ავტობაზის პრეზენტაცია გაიმართება. ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ის მარშუტები, რომელზეც ახალი ავტობუსები იმოძრავებენ.

“დასრულდა ახალი ავტობაზის მშენებლობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. 19 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ახალი ავტობაზის მშენებლობაზე ქალაქის ბიუჯეტიდან, რომელიც მოწყობილია თავისი გაზგასამართი სადგურითა და შესაბამისი სისტემით. ახალ ავტობუსებს ახალი ავტობაზა მოემსახურება. უკვე ყველა პროცედურა დასრულებულია და როგორც კი ავტობუსების ახალი ბაზა გაიხსნება, 20 ივლისიდან ყველა ავტობუსი განსაზღვრულ მარშრუტზე იმოძრავებს. თბილისს ახალი და კომფორტული ავტობუსები მოემსახურება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

“მანის” მარკის ახალი ავტობუსები თბილისში რამდენიმე მარშრუტზე უკვე მოძრაობს. სულ დედაქალაქის მერიამ 143 ავტობუსი შეიძინა.

წყარო: ინტერპრესნიუსი