თბილისში საახალწლო განათებები ჩაირთო, მთავარი ნაძვის ხე კი 25 დეკემბერს აინთება

1100

თბილისის ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები აინთო. თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, საახალწლო განათებები და დეკორაციები წერეთლის, რობაქიძის, თამარ მეფის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და გურამიშვილის გამზირებზე, ასევე კოსტავას, კანდელაკის, გამსახურდიას, დოლიძის, ჩოლოყაშვილის, თამარაშვილის, მელიქიშვილის, ფარნავაზ მეფის, ცოტნე დადიანის, გორგასლისა და ლეონიძის ქუჩებზე აინთო. მომდევნო დღეებში დედაქალაქის დარჩენილი გამზირები და ქუჩები აინთება.

საახალწლო ილუმინაციების ანთების პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი, რომეო მიქაუტაძე გაეცნო.

„თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო განათებების მონტაჟს დაახლოებით ერთი თვეა ახორციელებს. დღეს, უკვე დავიწყეთ განათებების ჩართვა სხვადასხვა რაიონში. ამ პროცესს რამდენიმე დღეში დავასრულებთ. ქალაქის საახალწლოდ მორთვა 25 დეკემბერს, მთავარი ნაძვის ხის ანთებით და საშობაო სოფლის გახსნით დაგვირგვინდება“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, წელს რუსთაველის გამზირი და ორბელიანის მოედანი სრულიად ახალი დიზაინით და განათებებით მოირთო, უკვე არსებული ილუმინაციები კი ქალაქის სხვადასხვა უბანში გადანაწილდა.