თბილისში არსებული 11 000 ლიფტიდან სერტიფიცირებულია მხოლოდ – 5 500. აღნიშნული სტატისტიკა BM.GE-ის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ მიაწოდა.
როგორც ინდუსტრიულ ობიექტებზე ზედამხედველობის სამართველოს უფრო დავით დუმბაძე ამბობს, ყველაზე მეტი არაინსპექტირებული ლიფტი ძველ კორპუსებშია.
მისი თქმით, ინსპექტირების არგავლის შემთხვევაში ამხანაგობები კანონის ძალით 500 ლარით ჯარიმდებიან, ხოლო მათი ლიფტი ილუქება, თუმცა ეს მათ ვერ აჩერებს და ისინი საკუთარი ძალებით ლიფტის ძრავს ხელახლა რთავენ და უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ამუშავებენ.
“იმ ლიფტების რაოდენობა, რომელმაც ინსპექტირება გაიარა, არის 5 500. ჯამში, მხოლოდ ქალაქ თბილისში 11 000 ლიფტზე მეტი ფუნქციონირებს, საიდანაც ბევრს არ გააჩნია სერტიფიკატი, თუმცა ზოგი მაინც ფუნქციონირებს, ზოგი კი – გაჩერებულია. შესაბამისად, ჩვენ ვაგზავნით შეტყობინებებს იმ მისამართებზე, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ წარმოადგინონ ტექნიკური ინსპექტირების სერტიფიკატი. თუ აღნიშნულს ვერ წარმოდგენენ, მაშინ შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომელიც ითვალისწინებს 500-ლარიან ჯარიმას. შემდგომ კი, თუ არ მოხდება ინსპექტირების სერტიფიკატის აღება, ხდება ლიფტის გაჩერება”, – აცხადებს ინდუსტრიულ ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი დავით დუმბაძე.
2012 წლიდან საცხოვრებელი კორპუსების ამხანაგობებს ვალდებულება აქვთ, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ლიფტების ინსპექტირება განახორციელონ, რომელსაც ტექნიკური ინსპექტირების სამსახურები უზრუნველყოფენ, მონიტორიგს კი, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ახორციელებს.