მერიის მიერ შესყიდული მიკროავტობუსების გამოსყიდვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი კომპანიას ფინანსური გაუმჯობესება ექნება, – ასე განმარტავენ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“ დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებას, 300 მიკროავტობუსის შეძენასთან დაკავშირებით.
როგორც კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ განაცხადა, გამორიცხული არ არის, დანარჩენი მიკროავტობუსებიც ჩანაცვლდეს.
„მიღწეულია შეთანხმება იმის თაობაზე, რომ მოხდება ახალი მიკროავტობუსების ჩამოყვანა, თუმცა ტარიფი არ შეიცვლება. 300 მიკროავტობუსს შეისყიდის ქალაქის მუნიციპალიტეტი და ოპერირებას გავუწევთ ჩვენ. თუკი მომავალში მოხერხდება, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ჩვენ ამ მიკროავტობუსებს აუცილებლად გამოვისყიდით და დანარჩენ მიკროავტობუსებსაც ჩავანაცვლებთ. ასე ვერ გაგრძელდება, ფაქტია, ფინანსური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს. მიკროავტობუსების გამოსყიდვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი კომპანიას ფინანსური გაუმჯობესება ექნება. როგორც ნახეთ, ქალაქის ხელმძღვანელობამ დაადასტურა ჩვენი ფინანსური პრობლემების არსებობა, რაც აუდიტორული დასკვნით ისედაც დადასტურებული იყო. ეს საშუალება როგორც კი გაჩნდება, აუცილებლად გამოვისყიდით. თუ ასეთი საშუალება არ გაჩნდება, ისე ვერ გაგრძელდება პროცესი, კომპანია ვერ გააგრძელებს ფუნქციონირებას“, – განაცხადა ასანიძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია 30 მილიონი ლარის ღირებულების 300 მიკროავტობუსის შეძენას გეგმავს, რის შედეგადაც “ყვითელი მიკროავტობუსების” ნაწილი ჩანაცვლდება.