თბილისის მერიამ “ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობის 5 მლნ დოლარად გამოსყიდვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია

1336

“ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობის გამოსყიდვა მერიას მიზანშეწონიდალად არ მიაჩნია. ამის შესახებ BM.GE-ის თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა.

როგორც ხმალაძე ამბობს, გამოსყიდვის ღირებულება 5 მილიონი ამერიკული დოლარია, შესაბამისად, მერია აღნიშნული ობიექტისთვის ძველი იერსახის დასაბრუნებლად სხვა სცენარებსაც განიხილავდა.

მისი თქმით, იყო იჯარის შეთავაზებაც, მაგრამ ამ მიმართულებითაც მოლაპარაკებები ვერ შედგა.

“მოლაპარაკებები ვაწარმოე ყველა მხარესთან, ვისაც კი პოტენციურად შეიძლებოდა რაიმე როლი ჰქონოდა ამ პროცესებში. გამოსყიდვა ამ ობიექტის, რომლის ღირებულებაც იყო დაახლოებით, 5 მილიონი დოლარი, არ იყო მიზანშეწონილი, მაგრამ ვამუშავებდი სცენარს, რომ მომხდარიყო იჯარის წესით აღება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თვითონ კომპანია ვინც საკუთრებაში ფლობს ამ ფართს, საკმაოდ გრძელვადიანი იჯარით აქვს გაცემული და ასეთი სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში აქ ესეთი ინტერვენცია არ გამომდიოდა. ამიტომ დღის წესრიგში დგას მოლაპარაკებების ჭრილში, მაგრამ არა ისე, რომ გითხრათ, რომ ახლა მალე ვინმეს საიდანღაც გავაგდებთ და აღვადგენთ ლაღიძის წყლებს”, – განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ლაღიძის კაფის ისტორიულ ადგილზე აღდგენის სურვილი საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაახლოებით 2 წლის წინ გამოთქვა და შესაბამისი დავალება თბილისის მერს კახა კალაძეს მისცა.

რუსთაველის 24-ში არსებული ფართი, რომელშიც წლების განმავლობაში ლაღიძის წყლების დაგემოვნება იყო შესაძლებელი, შპს “ლინკოლნ მენეჯმენტი ჯორჯიას” საკუთრებაა. კომპანიას ყოფილი კაფის ორივე სართული (პირველი სართული და სარდაფი) გაქირავებული აქვს. ზედა სართულზე 130 კვ.მ.-ზე ამჟამად ტანსაცმლის მაღაზია Next-ია განთავსებული.ქვედა სართულზე კი კაფე “აჭარულები ლაღიძეზე” მდებარეობს, თუმცა, მას კავშირი მიტროფანე ლაღიძის ოჯახთან არ აქვს. ადგილზე კაფე 2014 წელს ვახტანგ ათაბეგაშვილმა გახსნა. მას ტერიტორია იჯარით 2019 წლამდე აქვს აღებული.