მთის სტატუსით 1731 დასახლება სარგებლობს, იქ მუდმივად მცხოვრები კი 246 012 ადამიანია, – აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
მათივე ცნობით, მთიან რეგიონებში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით, მეწარმეები საგადასახადო, მოსახლეობა კი სოციალური შეღავათებით სარგებლობს: დანამატი სახელმწიფო პენსიაზე, ელექტროენერგიის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება, ზამთრის პერიოდში დახმარება გათბობის უზრუნველსაყოფად, მთიან რეგიონებში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ახალდაბადებულ ბავშვებზე დაწესდა ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიური ფინანსური დახმარება, დანამატები გაიცემა საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და სამედიცინო პერსონალისთვისაც.
მათივე ცნობით, კანონის ამოქმედებიდან (2016 წელი) დღემდე სხვადასხვა სოციალური შეღავათის ფარგლებში: ახალშობილისთვის დახმარება მიიღო – 16 447 ბენეფიციარმა, 26.84 მილიონი ლარი; სახელმწიფო პენსიის დანამატი მიიღო – 83 121 ბენეფიციარმა, 96.6 მილიონი ლარი; სოციალური პაკეტის დანამატი მიიღო – 17 509 ბენეფიციარმა, 12.1 მილიონი ლარი; დანამატი სამედიცინო პერსონალისთვის მიიღო – 1,743 ბენეფიციარმა, 14 მილიონი ლარი; ელექტროენერგიის შეღავათით ისარგებლა – 91 617 ბენეფიციარმა, 24.1 მილიონი ლარი; დანამატი მასწავლებლებისთვის მიიღო – 12 990 ბენეფიციარმა , 48.3 მილიონი ლარი; დანამატი მწვრთნელებისთვის მიიღო – 318 ბენეფიციარმა, 687 000 ლარი; ხე–ტყის დამზადების შეღავათით 2019 წელს ისარგებლა 19 116 ოჯახმა; საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს 401 საწარმო;
შეგახსენებთ, რომ მთის პოპულარიზაციის მიზნით დღეს, 11 დეკემბერს, მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება.