სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმის საკითხზე რეგიონული საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება

792

პარლამენტის მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონის განხორციელების მეთვალყურეობის მიზნით დაარსებული საკოორდინაციო საბჭო, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) დღეს პირველ რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრას გამართავენ.

შეხვედრა, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტების ინფორმირება სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ, ქობულეთში გაიმართება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმი თავს უყრის სხვადასხვა სამინისტროს, სამხარეო ადმინისტრაციებისა და აჭარის მუნიციპალიტეტების დარგობრივი ხელმძღვანელების 60 წარმომადგენელს. მისი მიზანია, კანონის, სტანდარტებისა და სტრატეგიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდების გზით, მუნიციპალიტეტების ინფორმირებულობის გაზრდა და მათი გაძლიერება სისტემაში არსებული გამოწვევების დასაძლევად, საქართველოს ყველა ბავშვის ხარისხიანი სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფის მიზნით.

“განხორციელების პროცესი არსებითია კანონის ძირითადი პრინციპების პრაქტიკაში გატარებისთვის. კანონის განხორციელების მხარდასაჭერად იუნისეფმა ტექნიკური დახმარება გაუწია სამინისტროებს შემდეგი ეროვნული სტანდარტების შემუშავებაში: ადრეული და სკოლამდელი განათლების ეროვნული სტანდარტები; ადრეული და სკოლამდელი განათლების აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტები; ადრეული და სკოლამდელი განათლების ინფრასტრუქტურისა და ფიზიკური გარემოს სტანდარტები; სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების შესახებ და კვების ორგანიზების ტექნიკური რეგლამენტები. აღნიშნული სტანდარტები უნდა დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წლის ოქტომბერში. იუნისეფმა აგრეთვე, ტექნიკური დახმარება გაუწია თბილისის საკრებულოს შემდეგი ნორმატიული აქტების შემუშავებაში: მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემა; სკოლამდელი განათლების დაწესებულებების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემა; სამუშაო ინსტრუქციები, ქცევისა და ეთიკური ნორმები; სკოლამდელი განათლების სისტემის მუშაკებისთვის პროფესიული სტანდარტები; საჯარო სკოლამდელი დაწესებულებების დირექტორებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები”, – აღნიშნული პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პარლამენტმა 2016 წელს მიიღო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პირველი კანონი. კანონი ქმნის საკანონმდებლო ბაზას სისტემის ფართომასშტაბიანი რეფორმისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის უფლებების დაცვას და უზრუნველყოფს ეროვნულ სტანდარტებს ინკლუზიური ადრეული და სკოლამდელი განათლებისთვის ყველა ბავშვისთვის საქართველოში. კანონი ითვალისწინებს სკოლისათვის მოსამზადებელ წელს ყველა ხუთი წლის ბავშვისთვის, რათა გაუმჯობესდეს სკოლისათვის მზაობა, აგრეთვე, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის მექანიზმებს და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში განათლების, ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების, კვების და ფიზიკური გარემოს ეროვნული სტანდარტების დანერგვას.

კანონი, ასევე, ითვალისწინებს, ცენტრალური ხელისუფლების გაზრდილ პასუხისმგებლობას ეროვნული სტანდარტების მონიტორინგის საქმეში და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას ინკლუზიური სკოლამდელი განათლების მართვაში, მისი ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხში.

“იმისათვის რომ ახალი კანონი ეფექტიანი იყოს, არსებითია, ჩამოყალიბდეს ეროვნული სისტემა სკოლამდელი განათლების პედაგოგების მოსამზადებლად პროფესიული საქმიანობის დაწყებამდე და სწავლების პერიოდში. 2017 წელს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დააარსა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც დააკვირდება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე სახელისუფლებო უწყებების მიერ კანონის განხორციელების პროგრესს. საბჭოს მიზანია ამ სფეროში ჩართული დაინტერესბული მხარეებისთვის ცოდნის გაზიარება და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა კანონის ეფექტიანი და ეფექტური განხორციელებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით”, – აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.