მიმდინარე კვირაში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვები დაიწყება, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს არქიტექტორთა კავშირში, ტექნიკურ უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 4 საჯარო განხილვაა დაგეგმილი.
დავით ნარმანიას ინფორმაციით, ასევე, შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომლის შემადგენლობაში სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები არიან. მისივე განცხადებით, აღნიშნული კომისიის ფორმატში თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის მიერ შეთავაზებული საკითხების შეჯერება და შეთანხმება მოხდება. ამ მიზნით, უწყებათაშორისი კომისია არაერთ შეხვედრას გამართავს.
ნარმანიას თქმით, შემდეგ საჯარო განხილვები საკრებულოში მოეწყობა და დოკუმენტი დამტკიცდება.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე “სითი ინსტიტუტი საქართველოს” არქიტექტორები მუშაობენ. გენგეგმა 18 თვის განმავლობაში მუშავდებოდა და ის ქალაქის განვითარების საკითხებს მოიცავს 2030 წლამდე.
წყარო: ინტერპრესნიუსი